ჯეიმს აპატურაი: MAP-ის მიღება ახლა ვერ მოხდება

ჯეიმს აპატურაი - მე ვგრძნობ, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლური ორიენტაცია ღირებულებების გამო -

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ის რომ იყოს ასპირანტი ქვეყნიდან, მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ნატო-ში შესვლა და არა MAP-ი.

როგორც ჯეიმს აპატურაიმ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, MAP-ის წევრობის სამოქმედო გეგმა შეიქმნა, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი, მას არ უნდა ჰქონოდა ასეთი პოლიტიკური მნიშვნელობა, როგორიც ახლა აქვს.

“იმის თქმით, რომ MAP ისევ საჭიროა, ხაზს ვუსვამთ მის პოლიტიკურ ხასიათს. ეს არის რეალობა, მოგვწონს ეს თუ არა. ჩემთვის, მე რომ ქართველი ვიყო, მოხარული ვიქნებოდი. ვფიქრობ ყურადღება უნდა გამახვილდეს პირველ ნაწილზე, პრაქტიკულ მექანიზმებზე და არ მოხდეს ფოკუსირება პოლიტიკურ ასპექტზე – წევრობის სამოქმედო გეგმაზე. MAP-ის საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის და გულახდილად რომ ვთქვათ, ეს არის ის, რისი გაკონტროლებაც ძნელად თუ შეგვიძლია. რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ეს არის პრაქტიკული იმპლემენტაცია. რა უნდა გავაკეთოთ ერთად? უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრაქტიკული მომზადების კუთხით, ყველა ცარიელი ადგილი შევავსეთ და მოვა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროც. ვფიქრობ, რომ პროცესს დააზიანებს, თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე მიზნად MAP-ი დასახელდება. ვფიქრობ, ეს ქმნის იმედგაცრუებას”,- აღნიშნა აპატურაიმ.

მისივე თქმით, ის რომ იყოს ასპირანტი ქვეყნიდან, მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ნატო-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, თუ მთავრობას ყურადღება გამახვილებული აქვს იმპლემენტაციაზე, რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს ის, ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს რამდენად სასარგებლოა პროცესისთვის მთავრობას მოსთხოვონ MAP-ი და მერე განაცხადონ, რომ ხელისუფლებამ წარმატებას ვერ მიაღწია, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს MAP-ი.

“MAP-ი, რომელიც ვერ მიიღო ვერავინ და რომლის მიღებაც ახლა შეუძლებელია. მესმის შიდა პოლიტიკა და არ მინდა ამაში ძალიან ჩავერიო, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება აქცენტი იმპლემენტაციაზე გააკეთოს, რადგან MAP-ის მიღება ახლა ვერ მოხდება. არ უნდა ვუყუროთ ამ საკითხს ბრმად და რატომ უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ ფეხბურთად?”, – განაცხადა აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიადღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა