“MAP-ი სავარაუდოდ არ იქნება”

davit-dondua“MAP-ი სავარაუდოდ არ იქნება” – სკანდალური განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ პარლამენტში ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების შეხვედრაზე გაკეთა.

მისი თქმით, დეკემბრისა და ივნისის სამიტზე საქართვლოს MAP-ს ვერ მიიღებს.

„სამწუხაროდ უკრაინამ გადაფარა საქართვლოს თემა. როდესაც ყურადღება მახვილდება ჩვენს რეგიონზე, ყოფილ საბჭოთა კავშირზე, მთელი ყურადღება არის უკრაინაზე. დიდი ალბათობით რაღაც მნიშვნელოვან ნაბიჯს ინტეგრაციის გზაზე ვერ მივიღებთ. მნიშვნელოვანი ნაბიჯი იგულისხმება MAP-ი. სამაგიეროდ უკვე დეკემბერში ალბათ გამოცხადდება ის, რომ მონტენეგროს მისცემენ უკვე პერსპექტივას გაწევრიანების და შემდეგ მომავალ ზაფხულში, ივლისში არის უკვე ნატო-ს სამიტი, სადაც ჯერ არ ვიცით რას მივიღებთ ამ სამიტიდან. ერთი რამე ვიცით, რომMAP-ი სავარაუდოდ არ იქნება,“ – ამბობს დავით დონდუა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით ხელისუფლება ქვეყნის შიგნით სხვა მესიჯებს იყენებს, ხოლო საგარეო პოლიტიკისთვის სხვა მესიჯები აქვს. როგორც დონდუა ამბობს, მთავრობას წინასაარჩევნოდ ზედმეტი მოლოდინების შექმნა არ სურს.

“გარეთ სხვა მესიჯი გვაქვს შიგნით სხვა მესიჯი გვაქვს. გარეთ სულ ვლაპარაკობთ MAP-ზე. ყოველ შემთხვევაში დეკემბრამდე ვილაპარაკებთ, არა იმიტომ, რომ იმედი გვაქვს, რომMAP-ს მოგვცემენ, ამას ვიყენებთ სავაჭროდ, რომ თუ MAP-ი არა, რაღაც მნიშვნელოვანი გვქონდეს, უკვე დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ შევიმუშავებთ ახალ სტრატეგიას თუ რა ვილაპარაკოთ როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. შიგნით არ გვინდა გავზარდოთ მოლოდინები, რადგან ძალიან ცუდად ემთხვევა მომავალ არჩევნებს ივლისის სამიტი და არ გვინდა, რომ ეს იყოს დამაზიანებელი საქართველოსთვის,” – აცხადებს დავით დონდუა.