ახალი დეტალები ხდება ცნობილი გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, სადაც პოლიციელებმა მოქალაქეებზე ჯგუფურად იძალადეს. გამოცემა „ქართლის ამბების“ ინფორმაციით, დაპირისპირება, სავარაუდოდ, სამართალდამცავთა ავტომანქანის მანევრის გამო დაიწყო, ნაცემი 28 წლის ახალგაზრდა კი „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია.
როგორც შემთხვევის შემსწრე ლაშა აბისონაშვილი იხსენებს, ახალგაზრდა სამსახურის დასრულების შემდეგ სახლში ფეხით ბრუნდებოდა:
„ბანკის თანამშრომელი სამსახურიდან შინ ფეხით მიდიოდა. მანქანა მომიშვირესო და სავარაუდოდ აქედან დაიწყო ყველაფერი“, — აღნიშნავს თვითმხილველი.
გავრცელებული მასალებიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა თავდაპირველად პოლიციის ოთხმა თანამშრომელმა დააკავა. იგი მიწაზე იყო დაწვენილი და სამართალდამცავებისგან ადვოკატის მიყვანას ითხოვდა, პარალელურად კი საკუთარ ვინაობასა და სამსახურს ასახელებდა.
თვითმხილველის განცხადებით, სიტუაცია კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები მივიდნენ. ვიდეოკადრები ადასტურებს, რომ სამართალდამცველებმა ფიზიკური ანგარიშსწორება დაიწყეს არა მხოლოდ დაკავებულზე, არამედ თავად ლაშა აბისონაშვილზეც, რომელიც ფაქტს შეესწრო.

















