მანჯგალაძე – შეცდომად მიგვაჩნია, ყველა გაერთიანდეს „ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ

შეცდომად მიგვაჩნია, ყველა გაერთიანდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ – პარტიები ცალ-ცალკე უფრო მეტ ხმას იღებენ“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა.

როგორც მანჯგალაძე განმარტავს, პარტიების ცალ-ცალკე გამოსვლა პირველ ტურში, უფრო მეტ ხმას დააკარგვინებს „ქართულ ოცნებას“.

„როგორც ვიცი, ნიკა მელია თანამშრომლობისთვის იქნება განწყობილი. საერთო ოპოზიციური კოორდინაცია აუცილებელია სხვადასხვა საკითხში, მათ შორის, გაყალბების საწინააღმდეგოდ და ასე შემდეგ. ის, რომ ყველა გაერთიანდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ, რასაც აქამდე გვთავაზობდნენ, შეცდომად მიგვაჩნია. საპრეზიდენტო და ამ არჩევნებმა, თუნდაც, გლდანში აჩვენა, რომ პარტიები ცალ-ცალკე უფრო მეტ ხმას იღებენ, ვიდრე კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი.

ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ თბილისში ყველა პარტიამ ერთად აიღო 54%, ხოლო ნიკა მელიამ- 44%. ესაც მიუთითებს იმას, რომ პარტიების ცალ-ცალკე გამოსვლა პირველ ტურში, უფრო მეტ ხმას დააკარგვინებს „ქართულ ოცნებას“ ვიდრე, ყველა ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთებს ქვეშ შეყუჟვით“,- აცხადებს მანჯგალაძე.

მან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზეც ისაუბრა. როგორც პაატა მანჯგალაძე განმარტავს, ნიკა მელიას გათავისუფლება დაეხმარება ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობის რეჟიმზე გადავიდნენ.

„დღევანდელი პროცესი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ როგორც იყო ხელმოწერილი შეთანხმების პირობების მიხედვით მოხდა გირაოს გადახდა, ნიკა მელია თავისუფალი იქნება, ეს არის საერთო გამარჯვება და მიღწევა. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მარტო ჩვენ მივიწეროთ ეს წარმატება. ესეც დაეხმარება პოლიტიკურ პროცესებს, კინკლაობა და დაპირისპირება კი არ იყოს ოპოზიციურ პარტიებს შორის, არამედ გადავიდეთ თანამშრომლობის რეჟიმზე“,-აცხადებს მანჯგალაძე.

banner
წინა სტატიაშილანა გალდავა მთავროაბს – შეაჩერეთ სოფელ გორაკას მახლობლად ოკუპანტების უკანონო ბორდერიზაციის პროცესი
შემდეგი სტატიათბილისში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია