მანჯგალაძე: საქართველოში კოალიციურ მმართველობას ალტერნატივა არ აქვს

საქართველოში კოალიციურ მმართველობას ალტერნატივა არ აქვს, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა უნდა დავასრულოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიციურ მმართველობასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაცია არ გვქონია. ალბათ, ამის მიზეზია ის, რომ სამწუხაროდ, თბილისში შესაბამისი შედეგი არ გვქონია. დანარჩენ ათ ოლქში ბარიერი გადავლახეთ და მზად ვართ, ოპოზიციასთან ვითანამშრომლოთ. მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატებს დავუჭერთ მხარს, ნომრის მიუხედავად. ყველა ნომერს დავუჭერთ მხარს, ვინც არ არის 41. მათ შორის – 5-ს. თუ ხარ ნამდვილი ოპოზიცია, მხარი უნდა დაუჭირო ოპოზიციურ პარტიებს. ჩვენმა მესამე ძალის იდეამ დაბალი მხარდაჭერა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ეს სჭირდება. ჩვენ ამის ანალიზს გავაკეთებთ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ შესაცვლელად ოპოზიციის თანამშრომლობა აუცილებელია.

„ჩვენ „ქართულ ოცნებასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის ტოლობის ნიშანი არ დაგვისვამს. „ქართული ოცნება” უნდა შეიცვალოს და ამისთვის აუცილებელია ოპოზიციის თანამშრომლობა. ჩვენი შედეგის შემცირების მიზეზი იყო ის, რომ სამმა მსხვილმა სპონსორმა, ვინც თანადგომა დაგვპირდა, პარტიაში ის შემოწირულობა არ შემოიტანეს, რაც იყო დაპირება.

სამწუხაროდ, საქართველოში არჩევნებზე ფული ბევრ რამეს წყვეტს. „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობს, ოპოზიციური პარტიები დააკომპლექსოს ერთმანეთთან თანამშრომლობის ფორმატში. ჩვენ ამით არ ვკომპლექსდებით. საზოგადოებას დავპირდით ცვლილებას და ეს ნიშნავს, ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას, მათ შორის, სადღაც „ნაციონალური მოძრაობის“, სადღაც 25 ნომრის, სადღაც 2 ნომრის“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

წინა სტატიაშითალაკვაძე ჟურნალისტს: სააკაშვილი დაადანაშაულა სტრასბურგის სასამართლომაც, უფრო სამართლიანი სასამართლო თუ იცით, უნდა მოიფიქროთ
შემდეგი სტატიაბასილაია: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჩვენი ორივე სარჩელი მიღებული აქვთ