მანჯგალაძე: „სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს პარლამენტში დროს იყენებს მტრებზე საუბარზე და ვერ ხედავს თავის პრობლემებს“

„რეფორმების ჯგუფის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს წარსულზე საუბრის ნაცვლად მოსახლეობას აწმყოზე და მომავალზე ესაუბროს და მუდმივად მტრების ძიებას თავი დაანებოს.

„იმ ფონზე, როდესაც რეგიონში, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გაზრდილია უსაფრთხოების რისკები, ქვეყანაში არის სიღარიბე და ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობას ყოველდღიურად ლუკმა-პურისთვის ბრძოლა უწევს, სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს პარლამენტში დროს იყენებს მტრებზე საუბარზე და ვერ ხედავს თავის პრობლემებს. ვერ ხედავს, რომ ამ მძიმე ვითარებაში მთავარი პასუხისმგებელი თვითონ არის. გასაგებია, რომ არ ხართ თვითკრიტიკულები, მაგრამ მართლა ვერ გავიგე რაში გვჭირდება სულ წარსულზე ლაპარაკი. ნუ თუ თქვენს ფრაქციაში არ არსებობს ერთი ადამიანი, ვინც აწმყოზე და მომავალზე ისაუბრებს. ამის პრობლემა არსებობს რეალურად და არსებობს იმიტომ, რომ ვერ დაასახელებთ თუნდაც სამ რეფორმას, რითაც შესაძლებელია მოსახლეობასთან თავი მოიწონოთ ან ვერ იტყვით მომავალში სამ ეროვნული მნიშვნელობის პროექტს, რომლითაც შესაძლებელია მოსახლეობის წინაშე წარსდგეთ. თქვენი ამოცანაა მუდმივი მტრების ძიება და ყველაფრის სხვებზე გადაბრალება. ესეც მესმის, რომ „ქართულ ოცნებაში“ არსებობს წარმოდგენა, რომ უპირატესობა აქვთ წინა ხელისუფლებასთან რაღაც სტატისტიკურ მაჩვენებლებში და ეს წარსული მუდმივად უნდა შევახსენოთ. ახლა ვსვამ კითხვას – ვერაფრით ვერ ვხსნი თუ რატომ არის დაკავებული სახელისუფლო მედია ამერიკის ელჩის „გაშავებით“? რატომ არის აშშ-ის ელჩი საქართველოსთვის მიუღებელი? ან რა კითხვას უსვამს სახელისუფლო მედიიდან ერთ-ერთი პროპაგანდისტი ქალბატონ ელჩს, რომ ომის დაწყება უნდა!? ეს ხომ რუსული ნარატივის გაგრძელებაა, რომ კოლექტიურ დასავლეთს მეორე ფრონტის გახსნა უნდა. ასეთი რიტორიკა რაში გვჭირდებათ? მე ვფიქრობდი, რომ ეს შემთხვევით წამოცდენები იყო, მაგრამ თუ კარგ ანალიზს გავაკეთებთ, ყველა თქვენთაგანზე არ ვამბობ, მაგრამ არსებობენ გარკვეული ადამიანები, ვინც ამას მიზანმიმართულად აკეთებენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

წინა სტატიაშივაშაძე – საქართველოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დიდი ეჭვებით უყურებენ
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა