მანჯგალაძე – საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში ბევრი პოზიტიური მომენტია ასახული, თუმცა, ასევე, არის პრობლემური საკითხებიც

„საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში ბევრი პოზიტიური მომენტია ასახული, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს ადამიანის ფაქტორიდან გამომდინარე რისკებს – ვგულისხმობ ტექნოლოგიურ ნაწილს და ასევე, კომისიებში არსებული დისბალანსის აღმოფხვრას, მაგრამ ასევე პრობლემური საკითხები“,- ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

პაატა მანჯგალაძის შეფასებით, სამუშაო ჯგუფმა დიდი და სერიოზული სამუშაო გასწია. დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას, რამდენიმე საკითხი დააზუსტა და განაცხადა, რომ თუ აღნიშნული ხარვეზები გასწორდება, ფრაქცია ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

„პირველი საკითხი არის ოქმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებული საკითხი. მართალია, შარლ მიშელის დოკუმენტში დაფიქსირებულია ეს ფორმულირება, რომ მხოლოდ ოლქის მიერ დანიშნული პროფესიული წევრების 2/3-ის ხელმოწერა უნდა იყოს და პლუს, პარტიის წევრების, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება სამართლის ლოგიკას. ეს არის აშკარა ხარვეზი და უნდა გასწორდეს. ამ ჩანაწერით გამოდის, რომ თუ ოთხი წევრი არ უჭერს მხარს 17 წევრიდან პროფესიული ნიშნით არჩეული და 13 წევრი თანახმაა, რომ ოქმი სამართლიანია, 4 წევრის ხელმოწერას უფრო მეტი იურიდული ძალა აქვს, ვიდრე 13 წევრის ხელმოწერას. მეორე საკითხია, რომელიც ზღუდავს პარტიას, რეგისტრაციის დროს აირჩიოს სახელი, თუ როგორ გამოვიდეს არჩევნების დროს და ეს არის 142-ე მუხლი და ამ ჩანაწერთან დაკავშირებითაც შეთანხმებული ვართ, რომ უნდა დაზუსტდეს ეს ჩანაწერი. თუ ეს დაზუსტებული იქნება, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ცვლილებებს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დავიწყებული ხილის ხეივანი“ მოეწყობა
შემდეგი სტატიაიოსელიანი – ეს ცვლილებები არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის საკუთრება, ეს ცვლილებები არის ყველა ჩვენგანის და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის გაკეთებული