მანჯგალაძე – სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფში თავს ვერ ვხედავ და ასეთ პროცესში მონაწილეობა სწორად არ მიმაჩნია

სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფში თავს ვერ ვხედავ, რადგან მე წარმოვადგენ „სტრატეგია აღმაშენებელს“ და ასეთ პროცესში მონაწილეობა სწორად არ მიმაჩნია, ეს უნდა გააკეთონ მისმა მხარდამჭერებმა, მისმა პარტიამ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ გახდა საჭირო დღის წესრიგში მსგავსი ინიციატივის დაყენება და ხომ არ არის მინიშნება, რომ შესაძლოა, სააკაშვილი არსებული ძალისხმევით უკმაყოფილოა, მანჯგალაძე ამბობს, რომ მას არ აქვს ილუზიური დამოკიდებულება მისი გათავისუფლების საკითხზე და ეს დიდხნიანი პროცესი იქნება.

„ეს არის აქტიური, საორგანიზაციო პროცესი. ამ საორგანიზაციო პროცესში არ ვმონაწილეობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი გათავისუფლების საკითხი რომ დადგეს, მხარს არ დავუჭერ.

რაც შეეხება საკითხს, რა ხდება პარტიის შიგნით, არ მიმაჩნია სწორად, რომ მე უნდა ვაკეთო განცხადება, ვინ არის კმაყოფილი და ვინ არა, ეს არის მათი შიდა საკითხები. მე არ მაქვს ილუზიური დამოკიდებულება საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომ ხვალ ვიღაც გააღებს კარს და გამოუშვებს სააკაშვილს, ეს არის დიდხნიანი პროცესი, ამას სჭირდება ნერვები და საზოგადოების მობილიზება. თუ საზოგადოება თვლის, რომ ის უნდა იყოს გარეთ, ამას კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება, რაც გულისხმობს ყველა კონსტიტუციური ფორმით, მათ შორის, აქციებით ამის მოთხოვნას,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის გზა შეწყალება იქნებოდა.

„მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შემიცვლია. დღესაც ვთვლი, რომ ვიდრე საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო და პოლიტიკურად მიუკერძოებელი გამოძიება, მისი პატიმრობაში ყოფნა მიმაჩნია არასწორად და ეს იქნება დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების წყარო. დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის პირობებში აუცილებელია, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ეს არის მყისიერი გამოსავალი, რომ თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმედიაში ცილისმწამებლური განცხადებები ხშირია, არ უნდა იყოს ეს სისხლის სამართლის დევნის საკითხი? – ინჯია მოსამართლეობის კანდიდატს
შემდეგი სტატიასხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ