მანჯგალაძე პაატა იმნაძეს: “ჩვენნაირი “მესაცივეების” მიერ გადახდილი თანხებით ის იღებს ხელფასს”

“ჩვენნაირი “მესაცივეების” მიერ გადახდილი თანხებით ის იღებს ხელფასს” – ასე ეხმაურება რესტორატორი ნიკა მანჯგალაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის სიტყვებს. მანჯგალაძე წერს, რომ ასეთი საუბრით იმნაძე პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას.

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პაატა იმნაძის დღევანდელ კომენტარს “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებ”-ში, სადაც მან განაცხადა რესტორატორების მიმართ “რა ხელფასებს აძლევენ იქ თავის თანამშრომლებს თვითონ მოიკითხონ ხოლმე”. აქვე დავამატებ (სამწუხაროდ არ შემიძლია წყაროს დასახელება), რომ კერძო საუბარში გაჟღერდა ფრაზა “მესაცივეებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”.

მას, როგორც ექიმს, ალბათ არ ესწავლება რომ ენას ძვალი არ აქვს მაგრამ აუცილებლად ვინმემ უნდა აუხსნას რომ როდესაც ჩვენ, “მესაცივე”-ებად მოგვიხსენიებს, ის თავის თავს აყენებს პირველ რიგში შეურაცხყოფას და არა ჩვენ.

ამ პარტმუშაკს, ექიმს რომელსაც მმართველი პარტიის არც-ერთი თავყრილობა არ “გაუმაზია”, მინდა ვუთხრა რომ, ჩვენნაირი “მესაცივე”-ების მიერ გადახდილი თანხებით ის იღებს ხელფასს (ნუ გარდა იმ ბინისა რომელიც ცოლისძმამ აჩუქა)! ჩვენი, “მესაცივე”-ების დიდი დამსახურებაა რომ ამ ქვეყანაში არის ტურისტი და საქართველოს როდესაც ახსენებენ პირველი ასოციაცია ქართული სამზარეულოა! ჩვენ, “მესაცივე”-ების ბიზნესში დასაქმებულია 300 000 ადამიანამდე! ჩვენ, “მესაცივე”-ები ვართ უპარტიოები და ნამდვილად არ გვცხელა პარტიული თავყრილობებისათვის. ჩვენ, “მესაცივეები” ძალიან ვამაყობთ იმით რასაც ვაკეთებთ და ჩვენ “მესაცივე”-ებს არასოდეს, ვიმეორებ არასოდეს, არ მოგვიწყვია არც პროტესტი და არც აქცია მთავრობის წინააღმდეგ. და ბოლოს, ჩვენ “მესაცივე”ები იმიტომ ვაწყობთ პროტესტს რომ თქვენ, როგორც პარტ ექიმმა სხვებთან ერთად ცუდად წაიყვანეთ ამ ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, კვლავ ცუდად მიგყავთ ეს პროცესი და სპეკულირებთ ადამიანის სიცოცხლით!”. – წერს მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნება თავის თავთან აფორმებს მემორანდუმს და თვითკმაყოფილებასაა მიცემული – ბობოხიძე
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: ოპოზიციისთვის ზედმეტი პატივია პარლამენტში შემოსვლაზე ამდენი ხვეწნა