„ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ სტატუსი „სათაგურია“ და „ჩალის ფასი აქვს“. ეს ხალხი რა ნამუსით ამბობს, რომ ოპოზიციას არ უნდა სტატუსი?! – სტატუსის მთავარი ხელშემშლელი არის „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკა, რომელიც უნისონშია რუსეთთან,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მანჯგალაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანას გადაწყვეტილებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომ ახლა პარლამენტში 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული ცვლილებები უნდა იხილებოდეს. დეპუტატი „ოცნებას“ სთავაზობს, ოპოზიციის მომზადებული პროექტები განიხილოს.
„ნაცვლად იმისა, დარჩენილი პერიოდი რეკომენდაციების შესრულებისთვის გამოვიყენოთ, „ქართული ოცნება“ გადასულია აღვირახსნილ პროპაგანდაზე, რომ დასავლეთი უსამართლოდ ექცევა ქვეყანას, თითქოს პროდასავლურ ქართულ ოპოზიციას არ უნდა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვთავაზობთ ნაცვლად ამ პროპაგანდისტული განცხადებებისა, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. მაგალითად, ოპოზიციას ერთად გვაქვს ინიცირებული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული ცვლილებები, მზად ვართ მათთან ერთად განვიხილოთ ეს ინიციატივა, ასევე საარჩევნო რეფორმაზე 2 ინიციატივა გვაქვს ინიცირებული, თუ ვერ ასწრებს „ქართული ოცნება“, მზად ვართ ჩვენი ინიციატივები განვიხილოთ. ეს არის მთავარი საკითხები, რაც ახლა უნდა იხილებოდეს.
„ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ვნახეთ. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა თქვეს, რომ „ჩალის ფასი აქვს კანდიდატის სტატუსს“, რომ „სათაგურია სტატუსი“, „თავისთვის დაიტოვონ“ და ა.შ. ეს ხალხი რა ნამუსით ამბობს, რომ ოპოზიციას არ უნდა სტატუსი?! ოპოზიციაში ვერ იპოვით ვერც ერთ ლიდერს, რომელსაც სტატუსი არ უნდა. სტატუსის მთავარი ხელშემშლელი არის „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკა, რომელიც უნისონშია რუსეთთან,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძემ, ასევე, უპასუხა კითხვას „ალდეს“ რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს რეკომენდაციები აქვს შესასრულებელი და აღნიშნა, რომ ევროპაში არსებობენ სკეპტიკოსებიც და საჭიროა რეკომენდაციების შესრულება, რათა სკეპტიკოსებს არგუმენტი არ ჰქონდეთ.
„მარტო გეოპოლიტიკის და კარგი ხალხის იმედად რომ არ ვიყოთ, რეკომენდაციები შეასრულეთო – ეს თქვა „ალდემ“. „ქართული ოცნება“ არ უარყოფს, რომ არ აქვს რეკომენდაციები შესრულებული და „ალდეს“ რას ვერჩით?“- განაცხადა მანჯგალაძემ.