მანჯგალაძე – კარავი შეიტანეს საბრძოლო ნივთიერებების რანგის ნუსხაში, ეს როგორ შეიძლება დემოკრატია იყოს? ამას ვეტო უნდა დაედოს

კარავი შეიტანეს საბრძოლო ნივთიერებების რანგის ნუსხაში, ეს როგორ შეიძლება დემოკრატია იყოს? – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე „მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, კანონს ვეტო უნდა დაედოს.

„რაც შეეხება „მანიფესტაციების შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ შემოტანილ ცვლილებებს, ის პირდაპირ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, რადგან აქციების დროს, როცა ზამთარია და მუდმივი პროტესტია, კარვის ფუნქციაა, ადამიანი ქუჩაში არ გაიყინოს, რომელსაც დასარჩენი არ აქვს. სუს-მა მოიგონა ვითომ, რაღაც შეთქმულება და თქვეს, კარავი უნდა ამოვიღოთ, რადგან ვიღაცას ბოროტი განზრახვა აქვს კარავში და კარავთან დაკავშირებითო, ეს სისულელეა. მაგალითად, გამოძიებაში რომ დადასტურებულიყო, რომ ვიღაცა მანქანაში აპირებდა რაღაცას, მანქანებს ამოვიღებდით თბილისიდან, თუ რას ვიზამდით? სისულელეა, ეს ვინ მოიგონა? ისედაც აკრძალულია ფეთქებადი ნივთიერებების, საბრძოლო მასალის შეტანა, უბრალოდ, კარავი შეიტანეს საბრძოლო ნივთიერებების რანგის ნუსხაში, ეს როგორ შეიძლება დემოკრატია იყოს? ამას რა თქმა, უნდა, ვეტო უნდა დაედოს, რადგან იმ სტანდარტებს არ შეესაბამება, საითაც მივდივართ, ეს არ არის ევროპული სტანდარტის ქცევა მიტინგების და მანიფესტაციების დროს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ასევე ისაუბრა „მაუწყებლის შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებზე.

„ქართულ ოცნებას“ დავაკვირდეთ, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებდნენ, სააკაშვილთან დაკავშირებულ ფაქტებზე გამოძიება რომ დაიწყეს, თქვეს, რომ ეს ევროპული რეკომენდაცია იყო. ვნახეთ, რომ ორივე სამსახური დაკარგულია. შემდეგი იყო – ცვლილებები შემოვიტანეთ და რეფორმები გვინდოდაო, სამი ვერსია შევთავაზეთ და ევროპელებმა თქვეს, რომ ბექაურის კომისიამ თუ არ განიხილა სიძულვილთან, უხამსობასთან დაკავშირებული საკითხები, ისე ეს საკითხები ვერ მოგვარდებაო, ეს პირველი მოსმენისას თქვეს და ჩვენ შევთავაზეთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეკომენდაცია ერთი მაინც წარმოედგინათ. გვითხრეს, რომ მოიტანდნენ, მერე მეილზე გამოგიგზავნითო. როცა „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით რამეს აკეთებს და თან იმოწმებს, რომ ეს ევროპელების რეკომენდაციაა, იცოდეთ, რომ რაღაცას იპარავს, რაღაცას აფუჭებს. ცელქი ბავშვები რომ არიან, დაიმალებიან და რაღაცას რომ აფუჭებენ, ასე არიან. ჩრდილოეთ კორეაში, სახალხო დემოკრატიული რომ ჰქვია, არც ქალს რომ არავინ არაფერს არ ეკითხება და არც დემოკრატიას რომ არავინ არაფერს არ ეკითხება, ისეა ზუსტად. „ქოცური“ ევროპული რეკომენდაცია პირიქითაა – რუსული. კანონი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს მედიის რეპრესიის იარაღად – არ ვიცი, რა მოელანდება ბექაურს, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, ამას ვეტო უნდა დაედოს, მეტიც, უფრო დიდი პროტესტიც იყო ამისთვის საჭირო, შესაძლებელია არჩევნებისთვის მედიების პირდაპირი სანქცირება დაიწყოს, ან იმდენი საჩივარი შევიდეს, მედია მასზე რეაგირებას ვერ აუვიდეს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – ევროპაში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ღირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც
შემდეგი სტატიაგერმანია უკრაინის აღდგენისთვის კიდევ 200 მლნ ევროს გამოყოფს