გუშინ რასაც ვუყურებდით, ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ პანაშვიდი იყო, აღიარებითი პანაშვიდი, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალი ოფისის გახსნაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ივანიშვილის განცხადების მიზანია დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა.
„ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების თვითაღიარება. ისინი ესწრაფვიან დაპირისპირებას, ჩვენ ვაერთიანებთ, ჩვენთვის მთავარია ერთიანობა. საქართველოს სჭირდება ერთიანობა იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომლებიც მოქალაქეებს აქვთ. მარტივი არჩევანი გვაქვს, ივანიშვილის გზა არის დაპირისპირება, ძალადობა ქართველ ხალხზე, ჩვენი არჩევანია ერთიანობა და ლოგოც კი გვაქვს ერთიანობის. ივანიშვილის განცხადება არის დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა. ქრისტიანული მარტივი ფორმულა იცით – ბოროტი ყოფს, კეთილი აერთიანებს. დიახ, ბიძინა ივანიშვილი ყოფს, ჩვენ ვაერთიანებთ. 12 წლის თავზე მოდიხარ და კვლავ ძალადობასა და რეპრესიებს აანონსებდე, ეს არის ნონსენსი და ამას საქართველოს მოქალაქეები საკადრის პასუხს გასცემენ. გუშინ რასაც ვუყურებდით, ფაქტობრივად იყო ქართული ოცნების“ პანაშვიდი, აღიარებითი პანაშვიდი იყო.” – განაცხადა მანჯგლაძემ.