მანჯგალაძე – ამერიკის სანქცირებული მურუსიძე „ქართულმა ოცნებამ“ შოკოლადში ჩასვა და ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება

ამერიკის სანქცირებული მურუსიძე „ქართულმა ოცნებამ“ შოკოლადში ჩასვა, ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება, – ასე ეხმიანება სასამართლო რეფორმის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებულ რეკომენდაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე.

მისი თქმით, როცა ხელისუფლება ოპოზიციას შეთქმულებასა და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს, მათ შეუძლიათ რეკომენდაციები შეასრულონ და ოპოზიციას „არეულობის გეგმა“ ჩაუშალონ.

„ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით რეკომენდაციები შესრულებული არ არის. ჩვენ ვნახეთ პროპაგანდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ოპოზიციას თურმე რაღაც შეთქმულება აქვს დაგეგმილი, რათა სტატუსი ვერ მივიღოთ. ხელისუფლება რომ რეკომენდაციებს არ ასრულებს და ამის გამო შესაძლოა, სტატუსი ვერ მივიღოთ, ეს ყოფილა, თურმე, ოპოზიციის დაგეგმილი. ძალიან მარტივია – შეასრულეთ რეკომენდაციები და არანაირი შეთქმულება არ იქნება. 9 რეკომენდაციაა შესასრულებელი, შეასრულეთ და ჩაგვიშალეთ „არეულობის გეგმა“. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იქ კონცენტრირებულია ძალაუფლება, რომელსაც აკონტროლებს ამერიკის მიერ სანქცირებული სასამართლოს კლანი მურუსიძის ხელმძღვანელობით და ბუნებრივია, ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება, როცა მურუსიძე, პირიქით, შოკოლადში ჩასვა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიUN: ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 180 000-ს აღწევს
შემდეგი სტატიაჩინეთი ისრაელში ჩინეთის მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს