“მანდ არ ჩამომესვლება. სამუდამოს მომისჯიან” – წერილი, რომელიც დაკარგული სამხედროს ოჯახმა მიიღო

2016 წლის აგვისტოში, გონიოში, ზღვაში, წვრთვნების დროს გაუჩინარებული ჯარისკაცის ოჯახი იმ წერილს ავრცელებს, რომელიც მათ დაკარგული სამხედროს სახელით ამჟამად თაღლითობის ბრალდებით დაკავებულებმა ოჯახს გაიგზავნეს:

„სალამი ყველას! კარგად ვხვდები ჩემს გამო რაც გადაგხდათ. ვიმყოფები თურქეთის ძაან მიყრუებულ ადგილას. საქმეები კარგად მოვაგვარე. ახალი საბუთები მაქვს. მანდ არ ჩამომესვლება. სამუდამოს მომისჯიან. ერთი სიტყვა არავის არ უთხრათ ჩემს შესახებ, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. მანდ რომ დავრჩენილიყავი, მკვდარი ვიქნებოდი. ძალიან დამეხმარა ერთი ქართველი. დაქირავებულ ჯარშიც გამიფორმა საბუთები. 1 წლის მანძილზე 80 000 $ იძლევიან, საწყობში ვიქნები, თან რუსული პასპორტით, რუსეთში ცხოვრება გარანტირებული მაქვს, პრობლემა შემექმნა. ადამიანს, რომელიც დამეხმარა, მამასავით მედგა გვერდზე, მას ვუღალატე და მისი ახლობლისთვის განკუთვილი 39 000 $ მოვხსენი ბანკიდან და დავხარჯე ჩემი საბუთების და ბინის და კვებისათვის. ახლა მომაგნო და არ ვიცი რა ვქნა. 7დღეში როგორც გინდა იშოვნე და ჩარიცხე ისე, რომ ხმა არ ამოიღო არასდროსო. ამ კაცმაც რა ქნას. მართლა, გთხოვ იქნებ 1 წლით მისესხო და 80 000 რომ ავიღებ, სულ ყველას, 5 000 გარდა თქვენ მოგცემთ.
ბოდიშს ვიხდი ჩემი კარნახით წერს ჩემი თურქი ქართველი მეგობარი. არ მინდა ვინმემ ჩემი ხელწერა იცნოს. ჩემს სახელსაც იმიტომ არ ვახსენებ და არც ჩემებს, რადგან შეიძლება უშიშროება ჩემზე მუშაობდეს. მე გავიგე, რომ მათ ეჭვები აქვთ, რომ არ დავკარგულვარ. ყველა მომიკითხე. ყველაფერი კარგად იქნება. გკოცნით ყველას. ეს სასწრაფოა. ბანკის ნომერი ამოიწერე და წერილი დაწვი. როცა დავრწმუნდები არ მითვალთვალებენ, ყველას დაგიკავშირდებით. მხოლოდ ეს მაქვს პრობლემა, დანარჩენი კარგად ეწყობა. 10 დღეში ჯარში წავალ, თუ ეს თანხა გადავიხადე“ ნათქვამია წერილში.

2016 წლის 16 აგვისტოში, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდნენ. სამხედროების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაკარგული სამხედროს, გიორგი ნანეტაშვილის სახელით, მისმა ოჯახმა ოთხი წერილი მიიღო, რომელშიც თითქოს მათი დაკარგული შვილი ფულს ითხოვდა. თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურის ერთობლივი გამოძიების შედეგად თაღლითობის საქმე 2017 წლის აპრილში გაიხსნა და სამართალდამცველებმა თალღლითობის მცდელობის ბრალდება სამ პირს წაუყენა. ექსპერტიზის დასკვნით, წერილებს მხოლოდ ერთი ბრალდებული წერდა, რაც კალიგრაფიული ექსპერტიზით დადასტურდა. ამ დროისთვის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განიხილება.

banner
წინა სტატიაშიეს ბიუჯეტი იმეორებს იმ შეცდომებს, რაც იყო ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წყარო – გოცირიძე
შემდეგი სტატია2018 წლის ბიუჯეტის მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაა-ქუმსიშვილი