მანანა კობახიძე : თუკი რაიმე საყვედური და შენიშვნა ითქმის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიმართ, მთლიანად ვიზიარებ პასუხისმგებლობას

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებების სახელმწიფო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნები და საყვედურები არის გამოსათქმელი, ის მზად არის, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებლობა გაიზიაროს.

ჟურნალისტებთან საუბარში კობახიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე დავით უსუფაშვილის მუშაობას შეეხებოდა.

დეპუტატის განცხადებით, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისიის ხშირად კვორუმი არ იყო და სხდომებს ერთი-ორი ადამიანი ესწრებოდა.

კობახიძის თქმით, კომისიის მუშაობის მიმართ პარტიების მხრიდან ნაკლები ინტერესი იყო გამოჩენილი და კომისიის წევრები ხშირად სხდომებზეც კი არ ცხადდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის მუშაობის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა და წინადადება იქნა წარდგენილი.

როგორც ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ გუშინ განაცხადა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომლის თავმჯდომარეც დავით უსუფაშვილია „თითი თითზე არ დაუდია“, როდესაც კონსტიტუციაში უამრავი კანონი იყო შესაცვლელი.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
შემდეგი სტატიარუსმა სამხედროებმა სოფელ ვაყას ორი მკვიდრი დააკავეს