მანანა კობახიძე: თავად რა მიზეზით არ წამობრძანდით ასამბლეაზე თუ ასე გაწუხებდათ უკრაინის საკითხი?!

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაჟღერებულ იმ ბრალდებებს ეხმაურება, რომელიც ევროსაბჭოში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ქართული დელეგაციის მიერ ხელის არ მოწერას ეხება. გიორგი კანდელაკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, უმრავლესობის წარმომადგენელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვრცელი განცხადებითვე პასუხობს. კობახიძე კანდელაკს სიცრუეში ადანაშაულებს და მომხდარს დადებითად შეფასებული საპარლამენტო არჩევნების მცდელობას უწოდებს.

“ამ მშვენიერ დღეს, ალბათ არც ღირდა დროის ხარჯვა იმ ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ ჩასაფრებულის პოზიციიდან გვაკრიტიკებენ, რომლებსაც არ შეუძლიათ პოზიტიურის დანახვა და ხელისუფლების წარმატების აღიარება, რომლებიც მუდამ ცდილობენ “რომის პაპზე მეტად კათოლიკებად” მოგვევლინონ, რომლებსაც თურმე ქვეყნის ბედი და ინტერესები სხვაზე მეტად აღელვებთ, რომლებიც, თურმე უკრაინაზეც კი უკრაინელებზე მეტად ზრუნავენ! მოკლედ, გიორგი კანდელაკს მინდა ვუპასუხო: გასაგებია, რომ რაღაცით უნდა გადაგეფარათ ის დადებითი შეფასებები, რაც არჩევნების წარმატებით ჩატარებას მოყვა ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის და მონიტორინგის კომიტეტის წევრების მხრიდან, მაგრამ ამისთვის ყველაფერი არ უნდა იკადრო, მით უმეტეს, ვიდრე სიცრუეში დაადანაშაულებ შენი ქვეყნის დელეგაციას და მეგობარ სახელმწიფოსთან პირდაპირ კონფრონტაციის გაღვივებას შეეცდები, იქნებ ფაქტები უკეთ გადაამოწმო?! თუმცა, თქვენს ადგილას არ ვიკადრებდი შვეიცარიელი დეპუტატების სხდომაზე დასწრების და კენჭისყრებში მონაწილეობის გაკონტროლებას, მაინც უხერხულია! (მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა) რადგან ყველაფერს კადრულობთ, ისიც გადაამოწმეთ მაშინ, შვეიცარიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე -ბატონი ფილიპო ლომბარდი იღებდა თუ არა მონაწილეობას უკრაინის რეზოლუციაზე კენჭისყრაში?! ნახავთ, რომ არა! და იქნებ, როგორმე ირწმუნოთ, რომ ეს ადამიანი ნამდვილად შეხვდა ქართველ კოლეგებს ელჩისა და მისივე სამდივნოს თანამშრომლის თანდასწრებით?! უხერხულია, სირცხვილია, იქნებ შეხვედრის ჩანაწერიც მოითხოვოთ ან ვიდეოკადრები?! ან, იქნებ ისიც თქვათ, რომ ამ ქვეყანასთან ურთიერთობა, თანამშრომლობა ნაკლებად საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის?! ან, იქნებ ის დახმარებაა მეორეხარისხოვანი, რასაც ამ ქვეყნისგან მუდმივად იღებს საქართველო?! მოკლედ, ფაქტია, რომ ისე დაგვდეთ ბრალი სიცრუეში, რომ ბოლომდე არაფერი გაარკვიეთ! რაც არ გაწყობთ, იმას, არასოდეს იტყვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს მეგობარ, ნადეჟდა სავჩენკოსთან მაინც მოიკითხავდით, რა დოკუმენტებზე მოვუწერეთ ხელი და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ უკრაინისადმი მხარდაჭერა, ისევე როგორც რეზოლუციებს დავუჭირეთ მხარი ადამიანის უფლებათა კომიტეტზე?! და ბოლოს, თავად რა მიზეზით არ წამობრძანდით ასამბლეაზე თუ ასე გაწუხებდათ უკრაინის საკითხი?! ასე, რომ გირჩევთ სპეკულაციებს შეეშვით და არჩევნების მეორე ტურზე იფიქრეთ, სადაც უპირობოდ დამარცხებული ხართ, უკვე მერამდენედ!,”-წერს მანანა კობახიძე.

banner
წინა სტატიაშისაქველმოქმედო ორგანიზაციები ალეპოში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ
შემდეგი სტატიანიცაში დღეს ტერაქტის მსხვერპლს იხსენებენ