მანანა კობახიძე: ელისაშვილმა რაც თქვა, ეს არის ბინძური ცილისწამება, ტყუილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 12, 2015 15:21

მანანა კობახიძე: ელისაშვილმა რაც თქვა, ეს არის ბინძური ცილისწამება, ტყუილი

http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=27377“თუ განცხადების გადაგზავნა დეპუტატის მხრიდან და რეაგირების მოხდენა პატიმრის მიერ შემოტანილ საჩივარზე არის ვინმეზე ზეწოლა, მაშინ გეტყვით, რომ 104-ჯერ მაქვს ეს ზეწოლა განხორციელებული, არ ვიცი, ელისაშვილზე, თუ ზვიად ქორიძეზე. პრეზიდენტზეც განმიხორციელებია ზეწოლა, რადგან მარგველაშვილის სახელზეც მაქვს განცხადებები გაგზავნილი”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე, რომელსაც ორი დღის წინ ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ვესუბრე.

მანანა კობახიძე: არ ვიცი, ელისაშვილი რაზე საუბრობს, ეს გამოძიების საკითხია. ველოდები ამის დასრულებას. ჩვენ ყველა ვართ დაინტერესებული, რომ საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი. ძალიან ცილისწამებლური განცხადებაა და მინდა პასუხგაცემული იყოს. თუ საპარლამენტო უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი რაღაც ანგარების მოტივითაა განწყობილი და რაღაც ინტერესები ჰქონდა, ეს უნდა გაირკვეს. მაგრამ თუ ეს ცილისწამებაა, რაშიც დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი, ვინც ამით არის დაკავებული.

წელიწად-ნახევარია გასული, რაც ბატონი ალეკო აღარ არის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და თუ ეს მაშინ ხდებოდა, რატომ საუბრობს ახლა? რატომ აქამდე არ მიმართა პროკურატურას, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული? ან თუნდაც, რატომ არ გააკეთა საჯარო განცხადებები მაშინ, როგორც ახლა აკეთებს? ასევე უნდა თქვას რა ზეწოლაზე საუბრობს და ვისგან, რა იგულისხმება ამაში.

“რეზონანსი”: თქვენ პირდად თუ გქონიათ ელისაშვილთან პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი?

მ.კ.: მე პირადად ელისაშვილს შევხვედრივარ როგორც ჟურნალისტს. შეწყალების კომისიაში მე მასთან არასდროს არანაირი შეხება და შეხვედრა არ მქონია. ჩემი და მისი კონტაქტი შემოიფარგლებოდა იმ სტუდიით, რომელშიც იგი მუშაობდა.

არ ვიცი ამ კითხვას რატომ სვამთ, მაგრამ გეტყვით – არაერთი დოკუმენტი მაქვს გადაგზავნილი არაერთ პატიმარზე. მაგალითად, შეწყალების კომისიაში პატიმრების მიმართვის საფუძველზე 104 განცხადება მაქვს გადაგზავნილი.

თუ განცხადების გადაგზავნა, დეპუტატის მხრიდან რეაგირების მოხდენა პატიმრის მიერ შემოტანილ საჩივარზე არის ვინმეზე ზეწოლა, მაშინ გეტყვით, რომ 104-ჯერ მაქვს ეს ზეწოლა განხორციელებული, არ ვიცი ელისაშვილზე, თუ ზვიად ქორიძეზე. პრეზიდენტზეც განმიხორციელებია ზეწოლა, რადგან მარგველაშვილის სახელზეც მაქვს განცხადებები გაგზავნილი.

როგორც დეპუტატმა, უფლებამოსილების ფარგლებში ოფიციალური განცხადებით, ფოსტით მივაწოდო პატიმრების თხოვნა ოფიციალურ პირებს და თუ ეს კანონდარღვევაა, მაშინ ვაღიარებ, რომ არაერთხელ დამირღვევია ეს კანონი.

საქართველოს პროკურატურაში 138, რაიონულში კი 60 განცხადება მაქვს გადაგზავნილი სხვადასხვა მოთხოვნებით. ზოგს საქმის ხელახალი გამოძიების თხოვნა ჰქონდა ახალგამოჩენილი გარემოებების გამო, ზოგი შეწყალებას ითხოვდა. უამრავი მოთხოვნა იყო. როცა დეპუტატი ხარ, ჩვენთან დალხენილი არავინ მოდის.

“რ”: ელისაშვილის თქმით, პოლიტიკოსები პატიმრებისგან ფულს იღებდნენ და მერე არაჯანსაღ ინტერესს იჩენდნენ მათ შეწყალებასთან დაკავშირებით…

მ.კ.: ეს არის ბინძური ცილისწამება, ტყუილი. არ ვიცი, ვის გულისხმობს. თუმცა შეგიძლიათ წაბრძანდეთ და პირადად ჰკითხოთ პატიმრებს. ასე შეიძლება ყველაფერი დააბრალო ადამიანს. ეს ცნობილი მეთოდია, რომ ჩააყენო თავის მართლების პოზიციაში. ამით ჩვენი ენერგიის წაღებას ცდილობენ, რომ გამოგვიყვანონ წყობიდან. მოახდინონ ჩვენი დემორალიზაცია და ხალხის თვალში ნდობა დაგვიკარგონ.

ეს სურვილები “ნაცმოძრაობას” დიდი ხანია აქვს. იმ დღიდან დაიწყო, რაც ამნისტიის შესახებ კანონი მივიღეთ. ირმა ნადირაშვილი მეტს არაფერს საუბრობს, უკვე რამდენი წელია ამბობს, რომ თურმე ვიღაცები ფულს იღებდნენ, ხან ეკა ბესელიას ასახელებს, ხან ვის.

“რ”: გაგზავნილ 104 საქმიდან რამდენზე მოახდინა ელისაშვილმა რეაგირება და რამდენი პატიმრის გათავისუფლება მოხდა?

მ.კ.: ელისაშვილისგან არც ერთი შეტყობინება არ მომსვლია. ბუნებრივია, პატიმრები ელოდებიან პასუხს და როცა ვერ იღებენ, ისინი ჩვენ, დეპუტატებს გვთხოვენ, რომ გავარკვიოთ მათი საქმის ამბავი და თუ არის უარი, ეცნობოთ ამის შესახებაც, დაუსრულებელი მოლოდინის რეჟიმში რომ არ იყვნენ.

ამ ადამიანების 95% ამბობს, რომ ზის უკანონოდ, მის მიმართ ადგილი ჰქონდა მტკიცებულებების გაყალბებას, საქმის შეთითხვნას და იყო წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლი. მათთვის ერთადერთი იმედი არის, რომ გადაისინჯოს მათი საქმეები. შეწყალებას კი არა, გამართლებას ითხოვენ, მაგრამ როდესაც პროკურატურაში რაღაცნაირად ვერ დაიძრა გამოძიება, ვერ წავიდა წინ, ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა არჩია ეს გზა – ითხოვოს შეწყალება.

თუმცა, ჩემი, როგორც იურისტიის პოზიციაა, რომ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ის უდანაშაულოდ ზის, ის კი არ უნდა შეიწყალო, მისი საქმე უნდა განიხილო თავიდან და გაამართლო – ეს ბუნებრივია, სასამართლოს გადასაწყვეტია.

სამწუხაროდ, ათასობით არის ასეთი საქმეები დაგროვილი, სადაც ადამიანები სამართალს ითხოვენ და როცა იგვიანებს სამართალი, ითხოვენ შეწყალებას და მიმართავენ დეპუტატს.

ხვალაც მოვა ასეთი განცხადებები და ზეგაც კიდევ მომიწევს გადაგზავნა ქორიძესთან და ეს თუ უკანონობაა, მაშინ უფლებამოსილების შესრულებას დავანებოთ თავი. ჩვენთან დალხენილი ადამიანი არ მოდის.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 12, 2015 15:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,929
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics