მანანა კობახიძე: ცინიკურია, როდესაც ამნისტიასა და პატიებაზე გიგა ბოკერია საუბრობს

„ქართული ოცნება“ ისევ დამაჯერებელი უმრავლესობით მოვა პარლამენტში და თავად გადაწყვეტს, ვის რა აპატიოს და ვის არა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გიგა ბოკერიას განცხადებას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, გიგა ბოკერია და მისი იდეოლოგია არის ამ ქვეყნის მძიმე წარსული და ცინიკურია, როდესაც ისინი ამნისტიასა და პატიებაზე საუბრობენ.

„„ნაციონალური მოძრაობა“, გიგა ბოკერია და მისი იდეოლოგია არის ამ ქვეყნის მძიმე წარსული. ცოტა ცინიკურია, როდესაც ის საუბრობს ამნისტიაზე და პატიებაზე. შეიძლება იმას გულისხმობს, რომ მოხვალთ ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ გვაპატიეთ და აღარ დაგვიჭიროთო”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მანანა კობახიძემ.

რაც შეეხება ბოკერიას განცხადებას. როგორც მან აღნიშნა, „არ იქნება არანაირი არც მოგონილი, არც რეალური პოლიტიკური დევნა წინა ხელისუფლების, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ჩადენილი იქნა დანაშაული“.

„პოლიტიკური პოზიცია გვაქვს ძალიან მყარი, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთი შემთხვევა მაინც, როცა უკვე მეორედ მოხდება არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. არ იქნება არანაირი არც მოგონილი, არც რეალური პოლიტიკური დევნა წინა ხელისუფლების, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ჩადენილი იქნა დანაშაული. ასეთი კი, ჩემი აზრით, ასეთი ძალიან ბევრია ამ 4 წლის განმავლობაში. უნდა მივიღოთ წინააღმდეგობრივი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ დანაშაულების ამნისტიის შესახებ. აქ არ ვგულისხმობ მძიმე დანაშაულებს და მკვლელობებს, ეს საჯაროდაც ვთქვი. ასე მოიქცა კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ პოლონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი2“-ის ორი სარჩელი დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: არ მგონია, გიგა ბოკერია 9 ოქტომბერს პარლამენტარი გახდეს