მამუკა წოწერია: წლის ბოლომდე ზუგდიდში 600-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცემა, ხოლო უახლოეს წლებში დამატებით 1700-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სოზარ სუბართან, რუსლან აბაშიძესთან და დავით ფაცაციასთან ერთად დევნილებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ბარამიას, ლაღიძის და თამარ მეფის ქუჩებზე დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრას მერობის კანდიდატთან ერთად პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დევნილთა მიმართულებით დაგეგმილ, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრეს. მამუკა წოწერიას განცხადებით, დევნილთა განსახლება და მათი ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფა, „ქართული ოცნების“ მთავარი პრიორიტეტია.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის განმარტებით, მიმდინარე წელს ზუგდიდში 600-ზე მეტ ოჯახს ახალი საცხოვრებელი ბინა გადაეცემა, ხოლო უახლოეს წლებში დამატებით 1700-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. გარდა ამისა ხორციელდება სოფლად სახლის პროექტი, რომლიც ითვალისწინებს დევნილი ოჯახებისთვის სახლების შეძენას.

სოზარ სუბარის, განცხადებით წინა ხელისუფლების დროს დევნილთა უფლებები ირღვეოდა, ადამიანებს ასახლებდნენ შენობებიდან და მათი ჩასახლება ხდებოდა ფოცხოეწერის დასახლებაში, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ამჯერად კი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა წარმოადგენს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ახალი მერი მამუკა წოწერია, რომლის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დევნილების ცხოვრება გაუმჯობესდეს და იყოს შესაბამისი თანამედროვე სტანდარტებთან. ეს ადამიანებიც კარგად გრძნობენ იმ მხარდაჭერას, რომელიც აქვთ ქართული ოცნების მხრიდან და ბიუჯეტი, რომელიც ამჟამად არის გამოყოფილი დევნილებისთვის არ ყოფილა მსგავსი არასდროს. ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ მათი ცხოვრება გახდეს უკეთესი, მანამ სანამ დაბრუნება იქნება და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს დღეც არ არის შორს“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ იმ განწყობებზე ისაუბრა რაც დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების და ხშირი კომუნიკაციის შემდეგ აქვს.

„დევნილების დიდი მხარდაჭერა აქვს ბატონ მამუკა წოწერიას და ეს თვალნათლივ ჩანს ამ შეხვედრებზეც. ეს არის ცხოვრების მაგალითი და მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანებს ვინ შეიძლება ეიმედებოდეს და ვისი მხარდაჭერაც შეიძლება ქონდეთ – სწორედ მას უჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მამუკა, როგორც ზუგდიდის მერი იქნება ძლიერი, ძალიან ღირსეული მერი და სამაგალითოდ დაამარცხებს ყველა მის კონკურენტს და არავის დაუტოვებს ბადალ შესაძლებლობას, რაიმე შანსი ქონდეთ. 2 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და დღეს ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი დევნილების სიმტკიცის და ერთიანობის მოლოდინით და გამარჯვებით ვართ აღვსილი“ – განაცხადა დავით ფაცაციამ.

banner
წინა სტატიაში2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 შეადგენს
შემდეგი სტატიასტიქია ხობში