მამუკა წოწერია – კანონის ფარგლებში ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი, ვინც ეცდება ხელი შეუშალოს ზუგდიდის ნორმალურ განვითარებას

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში დამარცხების აღიარება მოუწევს.

“რაც შეეხება ე.წ. ძველ ბიჭებს, არ ვიცი, რას გულისხმობენ ამ კატეგორიაში. “ძველი ბიჭების” ნაცვლად მათ უბანში ხვდებოდათ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს დეპუტატები, ვხვდებოდი მე. ყველაფერმა ჩაიარა მშვიდ და კონკურენტულ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ უამრავი მცდელობა ჰქონდათ პროვოკაციების მოწყობისა და დესტრუქციისა. დარწმუნებული ვარ, რომ მათ საბოლოო ჯამში დამარცხების აღიარება მოუწევთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის ნება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ზუგდიდელებს ამ ნდობისთვის. ჩემთვის მერობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება კეთილმსახურების. მათ ვპირდები, რომ ვიქნები როგორც მერი, ასევე თითოეული მათგანის მეგობარი, მსახური მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად”, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მისი თქმით, დაიწყებენ იმ დაპირებების შესრულებას, რაც ზუგდიდის მცხოვრებლებს დაჰპირდნენ. მისივე განმარტებით, ეს არის ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარების გაგრძელება, სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის ეკონომიკის გაძლიერება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, დევნილი მოსახლეობის განსახლების გეგმის დასრულება და ა.შ. გარდა ამისა, როგორც წოწერიამ აღნიშნა, არ გამორიცხავს გარკვეულ პროვოკაციებს ოპონენტების მხრიდან.

„თუმცა, მოვუწოდებ, რომ ნუ ეცდებიან ხელი შეუშალონ საარჩევნო ადმინისტრაციას. საშუალება მისცენ დათვალონ და დააფიქსირონ ის შედეგი, რაც დააფიქსირა ჩვენმა მოსახლეობამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი, ვინც ეცდება ხელი შეუშალოს ზუგდიდის ნორმალურ განვითარებასა და სიმშვიდეს”, – აცხადებს მამუკა წოწერია.

banner
წინა სტატიაშიმამულაშვილი – ვურჩევ „ქართულ ოცნებას“, დროზე მოვიდეს გონს, სულ თმებით გამოვათრევ კობახიძეს
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – მეორე ტურზე დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა