პრორუსული პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივანი, ბიზნესმენი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ 40-ზე მეტ ქართული კომპანიისთვის ახლო მომავალში, შესაძლოა, რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს.
ფიფიამ “რადიო თავისუფლებასთან” განმარტა, რომ ასაკრძალ კომპანიებს ბრალი ედებათ “რუსოფობიასა და ანტირუსული საქმიანობის სპონსორობაში”. მისივე ინფორმაციით, საუბარია ღვინის, კონიაკის, მინერალური და გაზიანი სასმელების, ლუდის, ასევე სასურსათო პროდუქციის კომპანიებზე.
“ხალხი მოითხოვდა ყურადღების მიქცევას კომპანიებზე და მათი რიცხვი 40-ზე მეტია სიაში… რომ ისინი რუსეთში მილიარდებს შოულობენ და შემდეგ ამ ფულით აფინანსებენ ანტირუსულ გამოსვლებს საქართველოში… გამოსვლებს ხელისუფლების წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ხალხი დაგვხვდა აეროპორტში, როდესაც ჩვენ ჩავფრინდით პირველი რეისით [მოსკოვიდან თბილისში]”, – ამბობს ფიფია და ამტკიცებს, რომ კომპანიების სია საქართველოს “მრავალრიცხოვანი მშრომელების” თხოვნის საფუძველზე შედგა.
მას არ დაუსახელებია არც ის, თუ ვინ შეადგინა სია, ან რომელი კომპანიები არიან შეყვანილი.
“კი, [ქართულ] კომპანიებს შესაძლოა კონკრეტული ბრალდებები წაუყენონ რუსოფობიური და ანტირუსული საქმიანობის სპონსორობაში. ამასთანავე, ამ ფირმებში ასევე ირიცხებიან არამეგობრული ქვეყნების მოქალაქეები და აქციონერები ნატოს წევრი ქვეყნებიდან. მე ვნახე ეს სია და მისი გაჩენის მიზეზები კარგად მესმის. როგორც ჩანს, ამ ნუსხამ უკვე ყველა შესაძლო ინსტანცია გაიარა და ახლა რთულია იმის თქმა, თუ კონკრეტულად ვინ შეადგინა ის თავდაპირველად…“ყველაფერი, რისი თქმაც შემეძლო, უკვე აგიხსენით…დაელოდეთ ოფიციალურ განცხადებას”,- განაცხადა ფიფიამ.















