მამუკა მდინარაძის განცხადებით, კაჭრეთში „ქართული ოცნების“ შეხვედრა მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება

სემინარს პარლამენტართა მხოლოდ ნაწილი ესწრება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს კაჭრეთში განუცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, შეხვედრის ძირითადი თემაა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.

„ტარდება სემინარი, შეხვედრა, რომელშიც ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტები იმასთან დაკავშირებით, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის გაუმჯობესდეს კოორდინაცია. არის კონკრეტული თემებიც. ძირითადი თემაა კოორდინაციისა და მენეჯმენტის გაუმჯობესება. ესაა დანერგილი პრაქტიკა დასავლეთის, ევროპის ქვეყნებში“, – განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებიან აღნიშნულ შეხვედრას ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე, მდინარაძემ აღნიშნა, რომ სემინარები გაგრძელდება და მოიცავს პარლამენტის წევრთა გაცილებით დიდ ჯგუფს.

„რაც შეეხება თქვენს კითხვას, სემინარს პარლამენტართა მხოლოდ ნაწილი ესწრება. კომიტეტების თავმჯდომარეები ბევრნი არ არიან. იქნება ასეთი შეხვედრები, როდესაც სხვა ნაწილი დაესწრება. შეუძლებელია ასეთი სემინარის 50-100 კაციან ჯგუფებში ჩატარება. ესაა ამ სემინარის პირველი ეტაპი, სემინარები გაგრძელდება და მოიცავს პარლამენტის წევრთა გაცილებით დიდ ჯგუფს. კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი აქ არაა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სემინარი უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიკაჭრეთში „ქართული ოცნების“ შეხვედრას მთავრობის წევრებიც ესწრებიან
შემდეგი სტატია,,ვინმეს გარიცხვაზე ან რაიმე სანქციაზე საუბარი გუნდში არ გვქონია, ამ და სხვა საკითხებზე უნდა იყოს მსჯელობა”