სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაცია საჯაროდ აღარ იძებნება. ასევე წაშლილია მისი ძველი დეკლარაციები 2017 წლიდან, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო – პირველად ფაქტი მედიასაშუალება “პუბლიკამ” შენიშნა და მასალა მოამზადა.
მისი ბოლო, საჯარო დეკლარაცია 2024 წლის 31 იანვრით თარიღდებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მდინარაძეს შემდეგი დეკლარაცია, სადაც ქონებრივ მდგომარეობას, მათ შორის სუს-ში მიღებულ ანაზღაურებას ასახავდა 2025 წლის 31 იანვარს უნდა შეევსო და 31 მარტს (კანონით ბიურო დეკლარაციას 2 თვე ამოწმებს) უნდა გამოქვეყნებულიყო, რაც არ მომხდარა.
სუს-ში განმარტავენ, რომ როგორც სუს-ის უფროსის ასევე მისი მოადგილეების დეკლარაციები წარდგენილია, თუმცა საჯარო არ არის.
“ვინაიდან თქვენს მიერ დასახელებული თანამდებობის პირები წარმოადგენენ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ რგოლს, არსებული პრაქტიკის შესაბამისად, მათი დეკლარაციები საჯაროდ არ იძებნება, რაც ასევე სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. გარდა ამისა, ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანო მუშაობს აღნიშნული მიდგომის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად, რადგან მართლაც პარადოქსულია ნორმა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის საჯაროობას ავალდებულებს.
ვაზუსტებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციები წარდგენილი არ არის. როგორც სამსახურის უფროსის, ასევე მისი მოადგილეების დეკლარაციები შევსებულია და წარდგენილია შესაბამის უწყებაში”, – განუცხადეს BM.GE-ს სუსში.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” არსებული კანონის მე-2 მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია „თანამდებობის პირთა” ვინაობა, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები არ თავისუფლდებიან. მსგავს საგამონაკლისო ნორმას კანონი არ იცნობს. მეტიც, დღემდე მდინარაძის წინამორბედების დეკლარაციები საჯაროა.
“პუბლიკას” ცნობით, დაინტერესდნენ რა სახის მუშაობა დაიწყო პარლამენტმა სუსის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციების არასაჯაროობის ნაწილში და კითხვით საკანონმდებლო ორგანოს მიმართა. მედიასაშუალებამ გაარკვია, რომ ოფიციალურად ამ საკითხზე რაიმე ტიპის საკანონმდებლო ცვლილება დაინიციირებული არა არის.
ამ ეტაპზე მამუკა მდინარაძის მოადგილეები არიან:
ლაშა მაღრაძე — სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე (მანამდე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე);
ალექსანდრე მაისურაძე — სუს-ის უფროსის მოადგილე (მანამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილე);
ლევან ხარაბაძე — სუს-ის უფროსის მოადგილე (მანამდე სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში);
თამაზ ბორაშვილი — სუს-ის უფროსის მოადგილე (მანამდე სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი).















