მამუკა მდინარაძის აბსურდულ ტყუილებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, ეს არის რუსული კანონი. ასეთ კანონებს მტრების გავლენების წინააღმდეგ იღებენ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ელისაშვილის თქმით, ევროკავშირში პირდაპირ ამბობენ, რომ მათი მტრები არიან ჩინეთი და რუსეთი და სწორედ მათ წინააღმდეგ უნდათ კანონის მიღება.
„„ქართული ოცნებისთვის“ აღმოჩნდა, რომ მტრები არიან ამერიკა და ევროკავშირი, ამერიკული და ევროპული ფონდების დაბლოკვა უნდათ. ამიტომ არის რუსული. კანონში რომ ეწეროს, ვინც თავი რუსეთისგან უნდა დავიცვათ, მხარს დავუჭერდი. ეს არის რუსეთის კარნახით მომზადებული ინიციატივა. თურმე, ამდენი ხანია, ქვეყანაში შავი ფული მოდის და არავინ იცოდა, შავი ფულით წალეკილი ვართ – შევარდნაძესაც ეძინა, სააკაშვილსაც და აგერ 12 წელია, ეს ფული შემოდის. პაპუაშვილი 17 წელი გერმანულ ფონდში მუშაობდა, რომელიც ფულებს იქით ანაწილებდა. ე.ი. 17 წელი აგენტები იყვნენ, ქვეყანას აქცევდნენ, 30 წელი შავი ფული შემოდიოდა, არ იცოდნენ და ჰოპ, მდინარაძემ გაიღვიძა და დაფაცურდა. ასეთი ზღაპრები ერთმანეთს მოუყვნენ. გამჭვირვალობა თუ უნდათ, ღარიბაშვილის ქონება შეისწავლონ, 100 ათასიანი საათები ციდან ჩამოვარდა თუ წერომ მიუტანა?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.