7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

მამუკა მდინარაძემ გაყარა და ჩარეცხა 2012-იანები-დავით ოქიტაშვილი

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძისა და სუს-ის ექს-შეფის, მამუკა მდინარაძის იმ მხარდამჭერებს ეხება, რომლებმაც მისი წინა განცხადება გააკრიტიკეს.

ოქიტაშვილი 2012 წლის ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდს იხსენებს და კითხვას სვამს: „მაინტერესებს, რა კონკრეტული წვლილი ჰქონდათ მდინარაძესა და თიკა რუხაძეს 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებაში?“

„მამუკა მდინარაძემ გაყარა და ჩარეცხა 2012-იანები, ბოლოს ვინ ჩაირეცხა, კი ჩანს“, — წერს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი.

ოქიტაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია მცდელობა, რომ „2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაწილეების დავიწყება ასე მარტივად შეიძლებოდეს“.

„ბოლო დღეებია, თიკა რუხაძისა და მამუკა მდინარაძის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი, მათ შორის სოციალურ ქსელში აქტიური ანონიმური ანგარიშები, ერთსა და იმავე შეძახილს იმეორებს: „ცილი დაგვწამა ოქიტაშვილმა!“

„ცილი დაგწამეთ?“ რატომ, ბატონებო? სიმართლის თქმის გამო? კითხვების დასმის გამო? თუ იმ ადამიანების მხილებაზე უნდა ვთქვა უარი, რომლებსაც საკუთარი თავი ხელშეუხებელი ჰგონიათ (და მთელი „ოცნების“ გუნდი ლაფში ამოსვარეს)?

ვერ მოგართვით, ბატონებო!

ძვირფასო „გადაგდებულ-გადმოგდებულებო“, სანამ სხვის პასუხისმგებლობას მოითხოვთ, იქნებ ჯერ ირგვლივ მიმოიხედოთ და თქვენი ყოფილი პოლიტიკური მფარველების საქმიანობით დაინტერესდეთ?!

ერთი — თიკა რუხაძე, რომლის კულტურის სამინისტროში საქმიანობასთან დაკავშირებით დღემდე მაქვს არაერთი სერიოზული კითხვა.

მეორე — მამუკა მდინარაძე, რომლის პოლიტიკურ საქმიანობასა და „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესებში მის როლს მწვავედ ვაკრიტიკებ, რომელმაც გაყარა და ჩარეცხა (ბოლოს ვინ ჩაირეცხა, კი ჩანს) 2012-იანები.

მათ მიმართ ჩემი პოლიტიკური შეფასებები არ შეცვლილა და არც ვინმეს სოციალურ ქსელში მოწყობილი ისტერიის გამო შეიცვლება.

ახლა კი საქმეზე გადავიდეთ!

რა კარგია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია საბოლოოდ გასაჯაროვდა! მადლობა საქართველოს მთავრობას!

და ახლა, ქალბატონო თიკა, კიდევ რამდენიმე კითხვა პირადად თქვენთან!

ძალიან ბევრი ხალხი და ხელოვანი გადანაშაულებთ თქვენი მოღვაწეობის პერიოდში მიღებული უამრავი გადაწყვეტილების გამო. იქნებ გასცეთ პასუხი, რადგან ამით კვლავ აზიანებთ „ქართული ოცნების“ იმიჯს.

ვინმეს ჰგონია, რომ ამ კითხვების დასმას შევწყვეტ მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურ ქსელში ვიღაცები „ოქიტაშვილს“ ყვირიან?

დამშვიდდით, ბატონებო! ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი.

და ახლა იმაზე, რაც ჩემთვის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის — 2012 წლის 1 ოქტომბერი!

ეს თარიღი ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის მხოლოდ კალენდრის ერთი დღე არ ყოფილა. ეს იყო წლების ბრძოლის, წინააღმდეგობის, რწმენისა და დიდი პოლიტიკური გამარჯვების დღე. ეს გამარჯვება არ ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებიც მოგვიანებით აღმოჩნდნენ ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე და დღეს ცდილობენ, იმ ბრძოლის ისტორიის საკუთარი ვერსია შექმნან.

მინდა შევახსენო ყველას: ვინც 2012 წლის გამარჯვებისთვის იბრძოდა, კარგად ახსოვს, ვინ სად იდგა, ვინ რა გააკეთა და ვინ გამოჩნდა გამარჯვების შემდეგ!

მაინტერესებს, რა კონკრეტული წვლილი ჰქონდათ მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებაში? ამ კითხვას ვსვამ საჯაროდ. ჩემთვის მიუღებელია მცდელობა, თითქოს ამ ისტორიის გადაწერა ან მისი მთავარი მონაწილეების დავიწყება ასე მარტივად შეიძლებოდეს.

2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებას ვერავინ წაგვართმევს!

ვერ წაგვართმევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გვერდით იდგნენ მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობას რეალური გამბედაობა სჭირდებოდა. მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს, ჩემს ეკას იმ პოლიტიკური გამარჯვებისთვის, რომელმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი ადგილი დაიკავა.

ჩვენ ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომელთა გამოც მაშინ ვიბრძოდით, და არ ვაპირებთ, ვინმეს პოლიტიკური ამბიციების გამო საკუთარ წარსულზე, პრინციპებსა და პოზიციებზე უარი ვთქვათ.

ახლა კი ჩემს განსაკუთრებით აქტიურ კრიტიკოსებს მივმართავ:

რამდენიც გინდათ, იყვირეთ — „ოქიტაშვილოოოოო!“, რამდენიც გინდათ, დაწერეთ, ტროლებო და ბოტებო, რამდენიც გინდათ, გაიმეორეთ ერთი და იგივე! ამით ვერც ერთი კითხვა ვერ გაქრება და ვერც ერთი დოკუმენტი ვერ დაკარგავს მნიშვნელობას. თქვენი ხმაური ჩემთვის პასუხი არ არის. მე მაინტერესებს ფაქტები, ხელშეკრულებები, ხარჯთაღრიცხვები, საბიუჯეტო ოპერაციები და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა პასუხისმგებლობა.

და ბოლოს, ძვირფასო ოპონენტებო…

არსებობს ერთი ცნობილი გამონათქვამი, რომელსაც ხშირად ჩინურ სიბრძნეს მიაწერენ: „დაჯექი მდინარის პირას და დაელოდე — ოდესმე შენი მტრის გვამი ჩაივლის.“

მე ამ გამონათქვამში პოლიტიკურ მეტაფორას ვხედავ და არა ვინმეს მიმართ ზიანის სურვილს. პოლიტიკაში ხანდახან ყველაზე ძლიერი პასუხი დროა — დრო, რომელიც ბევრ რამეს თავის ადგილს მიუჩენს.

ასე რომ, ნუ ჩქარობთ, ბატონებო!

ჯერ კითხვებზე პასუხები მივიღოთ. დანარჩენს ისტორია შეაფასებს.

და სანამ ისევ გაჰყვირიხართ და „ოქიტაშვილს“ დაიძახებთ, ერთხელ მაინც სცადეთ და იმ კითხვებს უპასუხეთ, რომელთა მოსმენაც ასე გაღიზიანებთ! ვერავინ ვერ ამიკრძალავს კითხვის დასმას და არავის მივცემ იმის უფლებას, ლაფში ამოსვაროს და ტალახი ესროლოს 2012 წლის მონაპოვარსა და იმ ადამიანებს, ვინც თავი გადადო ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ერთად და დაამარცხა საქართველოში უბედურება.

კიდევ ბევრი კითხვის დასმას ვაპირებ, დამელოდეთ“,* — წერს დავით ოქიტაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ტრამპს პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა მარტივად შეუძლია
შემდეგი სტატიატრამპის განცხადების თანახმად შეზღუდვები მოხსნილია