მამუკა მდინარაძე – უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დღეს თავადვე დაადასტურეს, რომ მათი ინიციატივა არაკონსტიტუციური იყო

region
: region მარტი 11, 2019 18:05

მამუკა მდინარაძე – უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დღეს თავადვე დაადასტურეს, რომ მათი ინიციატივა არაკონსტიტუციური იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრების ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ განწესებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების თაობაზე ნიშნავს უსერიოზულეს პოლიტიკურ, იურიდიულ შეცდომას და აღიარებას, რომ არაკონსტიტუციური კანონის მხარის არდაჭერის გამო გავიდნენ საპარლამენტო უმრავლესობიდან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიას ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობიდან გასვლამდე დეპუტატთა ჯგუფი აცხადებდა, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდა, ახლა კი თავადვე იწყებენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობას.

„საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა უმრავლესობა იმიტომ დატოვა, რომ ამბობდნენ, კანონპროექტი კონსტიტუციურია და თუ მხარს არ დაუჭერს უმრავლესობა, გადიან. დღეს თავადვე დაადასტურეს, რომ უვადოობის საკითხი, თუ ამაზე შეიძლება საერთოდ მსჯელობა, უნდა გაიწეროს კონსტიტუციაში. ეს ნიშნავს უსერიოზულეს პოლიტიკურ, იურიდიულ შეცდომას და აღიარებას, რომ არაკონსტიტუციური კანონის მხარის არდაჭერის გამო გავიდნენ ისინი საპარლამენტო უმრავლესობიდან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა უსერიოზულესი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს.

„არც უნდა წამოსცდენოდათ მსგავსი რამ, რომ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყვნენ. ერთადერთი მიზეზი არის, რომ რამენაირად შეინარჩუნონ პოლიტიკური აქტიურობა, შეინარჩუნონ კანონთან მიმართებით ინიციატივების უფლება, აქტივობა და ზოგადად აქტუალურობა. ამ მიზნით სასაცილო მდგომარეობაში თავის ჩაყენება არ არის სწორი პოლიტიკური სვლა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად მომავალი კვირიდან პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

region
: region მარტი 11, 2019 18:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,641
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics