მამუკა მდინარაძე : ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია პრინციპული დოკუმენტი იქნება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე მსჯელობენ.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, მიმდინარე კვირაში, საკანონმდებლო ორგანო ერთიან და პრინციპულ დოკუმენტს მიიღებს, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.

დეპუტატის თქმით, სანქციების ნაწილში იურიდიული დეტალები დაიხვეწა.

„სანქციები იმ პირთა მიმართ დაწესდება, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულში არიან მხილებული, სტატუსით კი – ბრალდებულები და მსჯავრდებულები. საერთაშორისო თანამეგობრობასთან უნდა ვიმუშაოთ, რომ მათ მიმართ სავიზო, საბანკო შეზღუდვები დაწესდეს. ეს პრევენციის უზრუნველყოფის დოკუმენტია, რადგან როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის, უნდა იცოდეს, რომ მათი გადასახედიდან ფორმალური გამოძიების გარდა, რეალური სანქციებიც იქნება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

პარლამენტი რეზოლუციის პროექტის მიღებას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. პროექტი „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადდა.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2″-ზე მომხდარი თავდასხმის დროს 6 დაკავებულიდან ერთი ხელწერილით გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია„ობიექტივის“ გადამღები ჯგუფი საავადმყოფოშია გადაყვანილი – მომხდარზე შსს ინფორმაციას ავრცელებს