მამუკა მდინარაძე – სამწუხაროდ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მტკიცებულებების გამოკვლევას ცალმხრივად ახდენენ

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქათველოს“ წარმომადგენლები სამწუხაროდ მტკიცებულებების გამოკვლევას ცალმხრივად ახდენენ.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ დავადგინოთ სიმართლე, მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდეს ობიექტურად და მათ შორის ვსვამთ კრიტიკულ შეკითხვებს, რაც არ უნდა გასაკვირი უნდა იყოს ჩვენგან. როდესაც კომისია შეიქმნა, ამ საქმესთან დაკავშირებით ყველაზე დიდი კითხვის ნიშნები იყო ფარდული, გაღუნული დანა და სუბელიანის მომენტი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მირზა სუბელიანი დღეს არის დაკავებული, აღმოჩნდა, რომ დანა გაღუნული არ არის, ხოლო ფარდულის აღდგენა დღესვე შესაძლებელია სანტიმეტრების სიზუსტით.

„ხანდაზმული ქალბატონის ძალიან აბსტრაქტული, დაუკონკრეტებელი ჩვენების საფუძველზე ლაპარაკი მტკიცებით ფორმატში, რომ პოლიცია იყო ჩართული ფარდულის დანგრევაში, სერიოზულად დააზიანებს კომისიის იმიჯს. თუ ასე გააგრძელებენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, დაემართებათ დამწყები გამომძიებლებივით, რომლებიც ყოველი მოწმის დაკითხვის შემდეგ ბრალს ცვლიან. ამასთან დაკავშირებით გამოსაკითხი გვყავს არაერთი მოწმე, ნაჩქარები გადაწყვეტილებები დააზიანებს კომისიის იმიჯს და რეალურ შედეგამდე ვერ მივალთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ დღეს განაცხადა, რომ მიიღეს ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფარდულის დემონტაჟში ჩართული იყო პოლიცია. მისივე თქმით, გასარკვევია, რა ფორმით იყო ჩართული დემონტაჟში სამართალდამცველები.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების სამინისტრო – პატიმართა შემოწმების მოქმედი პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართო მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს