მამუკა მდინარაძე – საბოლოოდ შევთანხმდებით

შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო რეფორმას რაც შეეხება გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და მე მგონია, ისეთი დეტალებია, რაც საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს, ჩვენ პრაქტიკულად, შეთანხმებულები ვართ. ამ კუთხით გარკვეული პოზიტივები იყო მანამდეც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც და შესაბამისად, აქ ნაკლები პრობლემა ჩანს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, პარტია „მოქალაქეებს“ სურთ, რომ ყველა საკითხზე ხელისუფლებისგან თანხმობა მიიღონ, რაც მდინარაძის თქმით, წარმოუდგენელია.

მდინარაძე ფიქრობს, რომ „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან შეხვედრამ იმისი თქმის საფუძველი გააჩინა, რომ საბოლოოდ მათთან შეთანხმება შედგება.

„ძალიან მოკლედ რომ მოგიყვეთ, შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება ცოტა მეტი სიჯიუტითაც, ზედმეტი ე.წ. პრინციპულობითაც უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად ოპოზიცია აყენებს. მეჩვენება, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, რომელზეც ესე პრინციპულად არ უსაუბრიათ, პარტია „მოქალაქეებს“ სურთ, რომ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია. არის იქ გარკვეული დეტალები, რაზეც თანხმობა უბრალოდ რაციონალურად, იურიდიულადაც კი შეიძლება შეუძლებელი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ რაც კი რაციონალურია, სახელმწიოფებრივია, იურიდიულად გამართული შეიძლება იყოს, ყველაფერზე მოგყვებით, კი ბანოტო, მაგრამ იურიდიულად გაუმართავ საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეულ დეტალებში როდესაც სიღრმეში ჩავდივართ, გაუმართავ დეტალებზე ვერ წავყვებით. დანარჩენი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრამ მოგვცა დამატებით იმის თქმის საფუძველი, რომ შევთანხმდებით საბოლოოდ და მათ ალბათ, ექნებათ იმისი თქმის უფლებაც და საფუძველიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული დათმობები განახორციელა და მათი პირობები, ასე ვთქვათ, შესრულდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.