მამუკა მდინარაძე-სააკაშვილი ილუზიურ, პარალელურ სამყაროში ცხოვრობს და იქ ცხოვრებას გააგრძელებს

კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტილებები ვერც ქვეყნის და ვერც ხალხთა შორის ურთიერთობებზე ვერანაირ, მიზერულ გავლენასაც კი ვერ მოახდენს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება სამართლებრივი საკითხია.

„მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება სამართლებრივი საკითხია და იმ ქვეყნის გადასაწყვეტია სამართლებრივ ჩარჩოებში. როგორც ჩანს, ამ კონკრეტული გადაწყვეტილებისას მიიჩნიეს, რომ სამართლებრივი ნორმები მაშინ იმგვარად იყო დარღვეული, რომ უფრო სწორი ასეთი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა.

მე ერთი რამ ვიცი, უკრაინა არის, იყო და აუცილებლად იქნება ყოველთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ახლო მეგობარი ქვეყანა. ქართველი და უკრაინელი ხალხი ურთიერთობას ასე გააგრძელებს. კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტილებები, ჩვენ მოგვეწონება თუ არ მოგვეწონება, ვერც ქვეყნის და ვერც ხალხთა შორის ურთიერთობებზე ვერანაირ, მიზერულ გავლენასაც კი ვერ მოახდენს.

ყოფილი პრეზიდენტი ბევრ რამეზე ვერ ჩამოყალიბდა და რამდენიმე მედიასაშუალებაში და პარალელურ სამყაროში ცხოვრობს. როდესაც უკრაინის მოქალაქეობაზე ვლაპარაკობთ, ისიც აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინის მოქალაქეობა მან მიიღო იმიტომ, რომ თავის დროზე საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილი ხომ არ ეცდება საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას შირის ბზარები გააჩინოს, დეპუტატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბევრ რამეს ეცდება, თუმცა რა გამოუვა, ეს მეორე საკითხია.

„საქართველოსთან მიმართებაში სააკაშვილი წარსულია და მას საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. ის ილუზიურ, პარალელურ სამყაროში ცხოვრობს და იქ ცხოვრებას გააგრძელებს. სხვა შანსები იმ კაცს ამ ქვეყანაში არ გააჩნია. ეს ერთხელ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა და ამ გადაწყვეტილებას ბოლომდე მიჰყვება. რაც არ უნდა პოლიტიკურ ბატალიებზე ვილაპარაკოთ ჩვენს ქვეყანაში, რაც არ უნდა ერთმანეთი ვაკრიტიკოთ ან არ ვაკრიტიკოთ, ეს საკითხი არ გადაიხედება. ეს ქართველი ხალხის ნებაა.

როდესაც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და გარკვეულ ბზარებზე ვსაუბრობთ, ეს გამორიცხულია. იმიტომ, რომ უკრაინა ჩვენი ახლო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ქართველი და უკრაინელი ხალხი მეგობრები არიან.
მიხეილ სააკაშვილი უამრავ რამეს ეცდება და რა გამოუვა ეს მეორე საკითხია. საქართველოში ის ძალიან ცუდი წარსულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის დადგენილებაში, რომელიც მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი : რა ადგილი ექნება სააკაშვილს უკრაინულ პოლიტიკაში, ხალხის გადასაწყვეტია
შემდეგი სტატიავიხილავთ თუ არა თბილისიდან ამოღებულ ყვითელ ავტობუსებს სხვა ქალაქში?!