მამუკა მდინარაძე – როდესაც აქციის მონაწილეები ცდილობენ სადღაც შეჭრას, ანგრევენ ღობეს, ქვას ესვრიან პოლიციელს და შემდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას ვინმე დაარქმევს არაპროპორციულად ძალის გამოყენებას, ის არის სუბიექტური

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც აქციის მონაწილეები ცდილობენ სადღაც შეჭრას, ანგრევენ ღობეს, ქვას ესვრიან პოლიციელს და შემდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას ვინმე დაარქმევს არაპროპორციულად ძალის გამოყენებას, ის არის სუბიექტური.

ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებაზე, რომლის თქმითაც, „ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას“. ამასთან, ლომჯარიამ მოუწოდა პოლიციას „არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ“.

„სუბიექტური განცხადებაა, პირდაპირ გეტყვით. ვინც არ უნდა იყოს, რომელი ადამიანიც არ უნდა იყოს, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს. ვინც ნახავს კადრს, არა მხოლოდ საქართველოში და არა მხოლოდ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც აქციის მონაწილეები ცდილობენ სადღაც შეჭრას, ანგრევენ ღობეს თუ ჯებირს, ქვას ესვრიან პოლიციელს და შემდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას ვინმე დაარქმევს არაპროპორციულად ძალის გამოყენებას, ის განცხადება არის სუბიექტური და ამის მიზეზებზე კითხვები დაუსვით იმას, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, ერთ-ერთი მედიასაშუალების კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია დღეს ადამიანების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება, მდინარაძემ უპასუხა, რომ კითხვა ტენდენციურია, ვინაიდან კითხვები არ ისმება აქციაზე რეკომენდაციების დაცვაზე, კორონავირუსის გავრცელების კუთხით არსებულ საშიშროებასა და ადამიანების იმ ფორმით შეკრების მიზანშეწონილობაზე, როცა დაცული არ არის ნორმები.

„რომელი პოლიტიკური სუბიექტის მომხრე ან პარტიული კუთვნილების ტელევიზიიდანაც არ უნდა იყოთ, ძალიან სამწუხაროა – დაახლოებით 6 000, 7 000, თუ 8 000 ადამიანი შეიკრიბება, არ იცავენ ნორმებს, დისტანციას, აქ არ ჩნდება კითხვები, რამდენად მიზანშეწონილია ამ ადამიანების ამ ფორმით შეკრება და შემდეგ წყლის ჭავლის გამოყენებაზე ვსაუბრობთ, რომელიც, კიდევ ერთხელ, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რაც მე ვნახე კადრები, იქ ხომ არ ვიყავით არც ერთი, კადრები ვნახეთ ყველამ, უკიდურესი აუცილებლობა იყო იმის პრევენციისათვის, რომ აქციის მონაწილეები არ შეჭრილიყვნენ ცესკო-ს შენობაში.

ამ უკიდურესი აუცილებლობის მიზანშეწონილობაზე ლაპარაკი არ არის სწორი. უკაცრავად, ჩემი საქმე არ არის თქვენი კითხვის ფორმულირების გასწორება ან კორექტირება ა.შ, თუმცა კითხვა ძალიან ტენდენციურია, უბრალოდ ამას ვამბობ, ესეც ჩემი უფლებაა, რომ ასე გიპასუხოთ.

კითხვა ძალიან ტენდენციურია, ბათუმის აქციიდან დაწყებული რეკომენდაციების დაცვაზე, საშიშროებაზე და კოვიდის პრევენციაზე არ გაქვთ არც ერთი კითხვის ნიშანი და წყლის ჭავლის მიზანშეწონილობაზე ლაპარაკობთ, თითქოს ვიღაცამ თავისი ნებით გამოიყენა და უხარია წყლის ჭავლის გამოყენება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მზად არის, ცესკო-სა და შსს-ს წარმომადგენლებს შეხვდეს
შემდეგი სტატია“პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ” – გამყრელიძე კითხვაზე, არის თუ არა წყლის ჭავლი საფრთხე