მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს

„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და რადიკალური ოპოზიციიდან საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, შემუშავდა საგანგებო რეზოლუციის პროექტი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის გამოყენებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხის მხარდასაჭერად ევროპარლამენტის მხრიდან.

მისივე ინფორმაციით, პროექტში ხაზგასმულია სამივე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მნიშვნელობა და გაწევრების პროცესის დროულად წარმართვის, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობა. ასევე, დაგმობილია რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინაში, საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას.

„აღნიშნულ ინიციატივას საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელ სხდომაზე განსახილველად წარდგენისათვის, პროცედურის თანახმად, ესაჭიროებოდა საპარლამენტო დელეგაციებიდან 10 დეპუტატის ხელმოწერა. ინიციატივას მხარი დაუჭირა მოლდოვას დელეგაციის სამმა დეპუტატმა, რომლებიც ბრიუსელში იმყოფებოდნენ. უკრაინის დელეგაციის მხრიდან გამოხატული თავდაპირველი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინელმა დეპუტატებმა უარი თქვეს რეზოლუციის თანასპონსორობაზე და პროექტის წარსადგენად ხელმოწერაზე. ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის გარდა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის ოთხი წარმომადგენელი. მათ არაერთხელ ეთხოვათ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიცირების მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ხელი არ მოაწერეს. შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს დელეგაციაში წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ 5 დეპუტატის და მოლდოვას დელეგაციის 3 დეპუტატის გამოხატული მხარდაჭერა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას განეხილა და მიეღო რეზოლუცია, რომელიც საგანგებოდ მიეძღვნებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხს, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა საერთაშორისო პარტნიორებისათვის გვეჩვენებინა ევროკავშირში გაწევრების საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია, მიუხედავად ჩვენი ასეთი დაპირისპირების, რაც როგორ ჩანს, ქართული რადიკალური ოპოზიციის მიზნებში არ ჯდება და ეს როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები თავს იმართლებენ, რომ არ იცოდნენ, ვერ გაიგეს, რაღაც უნდოდათ ჩაეწერათ თუ არ უნდოდათ ჩაეწერათ.

„თქვენ შეგიძლიათ აიღოთ მთლიანი ტექსტი, რაც თავიდან ბოლომდე არის დეკლარირება, თავმოყრა იმ ნარატივისა, რაც არის ყველაზე პროევროპული. იქ იყო საუბარი, ასევე, იმასთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ევროსტრუქტურებს თავის ოფიციალურ ე.წ. ვორდინგში შეეტანათ სიტყვა – ოკუპაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და გამოხატავდა სამივე ქვეყნის გაწევრების შესახებ ურყევ ნებას და მხარდაჭერას. პარადოქსი მართლაც იმაში მდგომარეობს, რომ 4 ოპოზიციონერი იყო და ორი დეპუტატის ხელმოწერაც კი საკმარისი იყო, რომ ეს რეზოლუცია დაინიცირებულიყო, რაც არ მოხდა მათი უარის გამო.

მივმართავ მათ, ყოველგვარი ნიშნის მოგების და ირონიის გარეშე, გვითხრან მაინც რას ავალებენ, ვინ ავალებს, რა პატრონები ჰყავთ ასეთი, რომ ვერ ბედავენ ფეხის გადადგმას, ერთი სიტყვის თქმას და ერთ ხელმოწერას ასეთ პროაქტიულ, ევროპულ რეზოლუციებზეც კი და მივეხმარებით იმაში, რომ თავი დაიხსნან მათი დავალებების მიღებისგან. წარმოიდგინეთ, ოთხი დეპუტატიდან ორმაც კი ვერ გაბედა იმ რეზოლუციაზე ხელმოწერა, რომელზეც ვერ იტყვიან ვერც ერთ სიტყვას, რატომ არ მოაწერეს ხელი. საუბარია დარიგებულ ტექსტზე, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილს, ასევე დამატებით, პირისპირ, პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მაგრამ ვერ გაბედეს ხელმოწერა და რაც ძალიან სამწუხაროა, უკრაინელებმაც ხელი არ მოაწერეს იმ რეზოლუციას, სადაც საქართველოს გარდა თავად უკრაინაზეც იყო საუბარი“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიამთავრობამ საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციისთვის 7.5 მლნ ლარი გამოუყო