მამუკა მდინარაძე : ოპოზიცია 48 მილიონი ლარის გამფლანგავს პოლიტპატიმარს უწოდებს და ამით სპეკულირებს

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად ფაქტების ეშინია, რადგან მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია 48 მილიონი ლარის გამფლანგავ ადამიანს პოლიტპატიმარს ეძახის და ამით სპეკულირებს.

„სასამართლოს მეშვეობით გიგი უგულავას დაუმტკიცდა, რომ ამ ადამიანმა 48 მილიონი ლარი გაფლანგა.
4 800 ან 48 ათასი ლარი კი არა, არამედ 48 მილიონი ლარი გაფლანგა და სამწუხაროდ, მას პოლიტიკოსები პოლიტპატიმარს უწოდებენ. ოპოზიციაში 48 მილიონი ლარის გამფლანგავ ადამიანს პოლიტპატიმარს ეძახიან და ამით სპეკულირებენ. ისინი არ საუბრობენ, ეს ფული გაფლანგა თუ არა, საუბრობენ იმაზე, რომ აქ არის პროცედურული დარღვევები და არის ორჯერ მსჯავრდება. არაერთხელ ვთქვი, რომ ორჯერ მსჯავრდება და ორჯერ გასამართლება კი არ არის, მათ სპეკულაციურ ლოგიკას თუ გავყვებით, სამჯერ მსჯავრდებასთან გვაქვს საქმე – პირველ, მეორე და მესამე ინსტანციაში გასაჩივრებულია საქმე. ჩემი აზრით, თავმოყვარე პოლიტიკოსმა ასეთი სისულელე არ უნდა გაიმეოროს, რადგან ორჯერ მსჯავრდება ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე იმას ნიშნავს, როცა ყველაფერი დამთავრებულია, უზენაესი სასამართლო მოვლილი აქვს და ამის შემდეგ, იგივე საქმეზე მოქალაქეს ისევ დაუწყებენ გასამართლებას. ყველა ინსტანციის მიერ ერთი და იმავე საქმის განხილვას რომ ორჯერ მსჯავრდებას უწოდებენ, ამაზე იურისტები იცინიან და საზოგადოება არ ტყუვდება. მათ საზოგადოებაზე ცუდი წარმოდგენა აქვთ, რომ რაღაცას ეტყვიან და მოატყუებენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მეტად ფაქტების ეშინია, რადგან მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშინანი ბრეგვაძე – სისტემა უნდა შეიცვალოს!
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : უგულავას საქმეზე მისიის გამოგზავნა „ქართული ოცნების“ „ტრიუკია“, რომლითაც ცდილობენ, მოატყუონ ევროპარლამენტარები და კონგრესმენები