მამუკა მდინარაძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ იციან, რომ დამარცხებისთვის არიან განწირული და უცვლელ მეთოდებს იყენებენ

region
ავტ.: region სექტემბერი 28, 2020 17:43

მამუკა მდინარაძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ იციან, რომ დამარცხებისთვის არიან განწირული და უცვლელ მეთოდებს იყენებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ბოლნისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობის შედეგად, კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას, რაც სხვადასხვა ქმედებაში გამოიხატებოდა.

„მაგალითისთვის, გუშინ, ნახიბულაში საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს მათი პარტიული აქტივის მოქმედებები ამისკენ იყო მიმართული, შემდეგ ჩაიხანაში მიზანმიმართული პროვოკაცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან, სადაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. თუმცა, კონფლიქტის ესკალაცია ჩვენი, „ქართული ოცნების“, და შემთხვევით არ ვუსვამ ამას ხაზს, შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით, მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. უკვე ამის შემდეგ კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ჩვენი რამდენიმე აქტივისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ აქვთ დაზიანებები მიღებული. ძალიან საყურადღებოა, რომ მომხდარიდან სულ რამდენიმე წუთში „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებები აუწყებდნენ საზოგადოებას, რომ თავდასხმა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბზე და მათ აქტივისტებზე, მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ინციდენტი მოხდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ და დაზიანებულები არიან ჩვენი აქტივისტები“, – აცხადებს მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იციან, არჩევნებში დამარცხდებიან და უცვლელ მეთოდებს იყენებენ.

„ფაქტია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხებისთვის არიან განწირულები და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, მათი უცვლელი მეთოდები, სიცრუისა და ძალადობის გამოყენებაა, რათა პროვოკაციებისა და ვითარების ესკალაციის ფონზე, რამე სარგებელი მიიღონ. მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც კი მალავენ და მათი პარტიული ტელევიზიების საშუალებით გაყალბებული მონაცემების ტირაჟირებას ახდენენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ძალადობისა და პროვოკაციების გარდა, სხვა არაფერი დარჩენიათ“, – აცხადებს მდინარაძემ.

გარდა ამისა, მამუკა მდინარაძე ყველას მოუწოდებს, პროვოკაციებისთვის სივრცე არ დატოვონ და „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს მოთმინებით მოეკიდონ.

„ცალსახად და მკაფიოდ მოვუწოდებთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, არამედ რიგით მხარდამჭერებსაც და ნებისმიერ მოქალაქეს, რომ არ დავუტოვოთ არანაირი სივრცე პროვოკაციებისთვის და მაქსიმალური მოთმინებით მივუდგეთ მათ ქმედებებს, რათა წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში წარიმართოს და არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩავატაროთ. გვესმის, რომ ძალიან რთულია, მოითმინო „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მოძალადე აქტივისტების ქმედებები, მსგავსი მასშტაბური პროვოკაციები და ძალადობის მცდელობები, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი და ყველა ტიპის პროვოკაციაზე მაქსიმალური თავშეკავება გვმართებს.

ყველამ კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც პანდემია და ეპიდემიოლოგიური ვითარება აინტერესებს ქვეყანაში და მათთვის არც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ აქვს ფასი, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ საარჩევნო პროცესის და ჩვენი ქვეყნის დაზიანების საშუალება არ მივცეთ. ყველას, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებთ და ვთხოვთ, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებზე რეაგირებისა და ძალადობისგან, ხოლო სამართალდამცავი ორგანოებისგან ველით, რომ თითოეული ფაქტი გულდასმით იქნება შესწავლილი და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ექნება მყისიერი რეაგირება . „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი არის მყარად დარწმუნებული გამარჯვებაში და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით, მოქალაქეების პასუხისმგებლიანი ქმედებებით, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი, სამართლიანი, გამართული, გამჭვირვალე და მაღალი დემოკრატიული სტანდარტების არჩევნების მომსწრე და ავტორი უნდა გახდეს.

ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ეს პროვოკაციები ვერაფერს დაგვაკლებს, ოღონდ ერთი თხოვნა ყველა მოქალაქესთან და ყველა ჩვენს მხარდამჭერთან, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას. ერთადერთი გზა, რაც „ნაცმოძრაობას“ და იმ ცნობილ კლასტერს აქვს დარჩენილი, არის პროვოკაციების გზა, ტელევიზიების საშუალებით სიკვდილის პროპაგანდის გზა, სიცრუის და ძალადობის გზა, სადაც პროვოკაცია არის მათთვის ერთადერთი გამოსავალი. ამაზე არ უნდა წამოვეგოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

region
ავტ.: region სექტემბერი 28, 2020 17:43