მამუკა მდინარაძე-მტერთან საბრძოლველად საჭიროა კონკრეტული იარაღები

ვამაყობთ, რომ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგებით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ, რაც უზრუნველყო ბერკეტმა და მექანიზმმა, რომლის წინააღმდეგ ახლა გამოდიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივებაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ, რომ მტერთან საბრძოლველად საჭიროა კონკრეტული იარაღები. წარმოიდგინეთ, 2008 წელს ვიღაცას ხელისუფლებისთვის რომ მოეწოდებინა, მტერთან იარაღის გარეშე ებრძოლა. მაშინ, ეს მტერი რუსეთი იყო. დღეს გვთავაზობენ, რომ უხილავ მტერთან, კოვიდინფექციასთან ხელისუფლებამ იბრძოლოს, ოღონდ, ხელში იარაღი არ ჰქონდეს. თან არ არის საუბარი მძიმე არტილერიაზე, საუბარი არ არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, საუბარია ელემენტარულ შეზღუდვებზე, რომელიც ხელისუფლებამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეფექტიანად გამოიყენა და ამის კონკრეტული შედეგებიც ვნახეთ. მსოფლიოში ვამაყობთ იმით, რომ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ მიღწეული შედეგებით. ეს უზრუნველყო ამ ბერკეტმა და მექანიზმმა, რომლის წინააღმდეგ გამოდიან. როგორც ჩანს, ვინც ცვლილებებს აკრიტიკებს, კვლავ იმ აზრზე რჩება, რომ ვირუსის მხარეს უნდა დადგნენ და არა ხელისუფლების მხარეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე თავის დროზე ბევრი მსჯელობა შედგა და შესაბამისად, მის კონსტიტუციურობაზე ტესტიც გავლილია.

„როცა საუბარია ანტიკონსტიტუციურობაზე, უნდა გაგვახსენდეს, რომ ასეთი ლოგიკით, ნებისმიერ დროს, როცა მთავრობას კანონით გარკვეული უფლებამოსილება ეკისრება, შეიძლება, იმსჯელო იგივე „წარმატებით”. კონსტიტუციურობის ტესტი გავლილია მაშინ, როცა ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ვიკამათეთ. ეს არის ხელისუფლებისთვის „იარაღი“ პოზიტიური გაგებით კოვიდინფექციასთან ბრძოლაში, რასაც დადებითი და თვალსაჩინო შედეგები მოაქვს. როგორ შეიძლება, კოვიდინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ გამოიყენო? ეს არის მოგონილი არგუმენტები, რათა ხელისუფლებას ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი არ ჰქონდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსი Alliance Centropolis-ი აშენდება
შემდეგი სტატია“წულუკიანი ენამხვილურად გიგებთ დებატებში და ამიტომ ესხმით თავს”-კილაძე კაპანაძეს მიმართავს