21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

მამუკა მდინარაძე: მიუხედავად მუნდირისთვის შეუფერებელი ცალკეული მძიმე შემთხვევებისა, პოლიციელობა ყოველთვის საპატიო პროფესიაა

ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამართალდამცავთა როლსა და სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა აღიარა პოლიციაში არსებული „შეუფერებელი შემთხვევები“, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პოლიციის იმიჯის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.

მდინარაძემ, რომელიც წარსულში თავად მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხაზი გაუსვა, რომ უწყებაში არსებული სირთულეების მიუხედავად, ეს პროფესია ქვეყნისთვის ფუნდამენტურია:

„თქვენი საქმიანობა პროფესიულთან ერთად სხვა ბევრ სირთულესთანაც არის დაკავშირებული. მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად პოლიციელის მუნდირისთვის შეუფერებელი ცალკეული მძიმე თუ ნაკლებად მძიმე შემთხვევებისა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევებისგან დამოუკიდებლადაც კი არაერთი ადამიანი თუ პირთა ორგანიზებული ჯგუფი ებრძვის ხშირად პოლიციელის იმიჯს, ღირსებასა და სიამაყის განცდას — პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, სწორედ სამართალდამცავების დამსახურებაა ქვეყანაში არსებული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ხარისხი, სადაც გადაწყვეტილებები გარე ჩარევების გარეშე მიიღება:

„თუ ჩვენ დღეს ძალიან თამამად ვამბობთ, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად თქვენი დამსახურებაა“, — მიმართა ვიცე-პრემიერმა პოლიციელებს.

გამოსვლის დასასრულს, მამუკა მდინარაძემ პატივი მიაგო იმ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს და თანადგომა გამოუცხადა მათ ოჯახებს.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი გორში მომხდარ ძალადობაზე: ბრძანებას არავინ გასცემდა, ეს სპონტანურად მოხდა
შემდეგი სტატია„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო