მამუკა მდინარაძე: ირაკლი კობახიძის ინიციატივა ოპოზიციის სპეკულაციურ წუხილებს მოხსნის

ირაკლი კობახიძის ახალი ინიციატივა თუნდაც იმ სპეკულაციურ წუხილებს მოხსნის, რომელიც ვადასთან არის დაკავშირებული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას.

მისი თქმით, პანდემიის და ეპიდემიის ვადას საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი როდი განსაზღვრავს, ამ ვადას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საზღვრავს, ხოლო ირაკლი კობახიძის ინიციატივა არის ბოლო წერტილი იმ სპეკულაციების ჩასახსნელად, რასაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან.

„ უნდა განვმარტოთ კიდევ ერთხელ, რომ ვადა პანდემიის და ეპიდემიის, აი ამ სიტყვების დათქმის სახით იყო განსაზღვრული, პანდემიას არ განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი, განსაზღვრავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მაგრამ ეს არის ბოლო წერტილი იმ სპეკულაციების ჩასახსნელად, რასაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით და ყველა კითხვაზე პასუხი იქნება უკვე საბოლოო გადამწყვეტი, რომ დროებითობა კიდევ უფრო გამყარებული იქნება. გარდა ამისა, ასევე მინდა შევუერთდე ჩემი კოლეგის წეღანდელ მოწოდებას, რომ ამ სამი ვარიანტიდან: ერთ – საგანგებოს გაგრძელებაა, რომელიც რა პრობლემებს ქმნის, მათ შორის კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ვიცით. მეორე – უბრალოდ რომ დავამთავროთ, საგანგებო მდგომარეობა მთავრდება ისედაც ხვალ ღამე 12 საათზე და ამის შემდეგ მივუშვათ ეს პროცესი და მესამე – მხარი დავუჭიროთ ამ დათქმით იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც იძლევა მინიმალური შეზღუდვების დატოვების საშუალებას, რაც ჩვენ გამოგვადგება პანდემიასა და ეპიდემიასთან ბრძოლაში და რაც არ გამორიცხავს თავის მხრივ საკანონმდებლო ორგანოს მაკონტროლებელ ფუნქციას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპიც არ უნდა დაგვავიწყდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: მოატყუეთ საკუთარი ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩააგდეთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც შეპირდით ქართველ ხალხს
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში რამდენიმე პირი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა