„ვენეციის კომისიის და არცერთი კომისიის არცერთ დასკვნას არ გავითვალისწინებთ, რაც საქართველოს, მისი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, პარლამენტის დარბაზში სხედან ადამიანები, რომლებიც საქართველოს ეროვნული მოძრაობის რიგებში იყვნენ და სუვერენიტეტისთვის იბრძოდნენ.
„ამ ხალხმა იმისთვის კი არ იბრძოლა, რომ ვინმემ თითი დაგვიტკაცუნოს და გავაკეთოთ, არამედ იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით და მოვედით. ჩვენ ყველას ვეუბნებით: თანასწორად, პარტნიორულად, მეგობრულად ველაპარაკოთ ერთმანეთს და რაც არ არის თქვენთან, იმას ჩვენ ნუ დაგვაძალებთ. ეს არის სწორი, ეროვნული და სამართლებრივადაც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესატყვისი მოქმედება, რასაც ახლა ვაკეთებთ. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელსაც თაღლითი პარტიის წარმომადგენლებს, მაგალითად, ანა ნაცვლიშვილს, ახლა რომ იცავს, თავის დროზე ხმა არ მიუცია. ანუ ახლა რასაც იცავს, ხმა არ აქვს მიცემული. მეორე: თაღლითებს, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს დაევალა, რომ რამენაირად ცესკო უნდა ჩაიგდონ ხელში, რადგან მოცემულობამ, მიღებულმა კანონმდებლობამ მისცა საშუალება, რომ მოადგილე ყოფილიყო მათი პოლიტსაბჭოს წევრი. „ლელოს“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი იძახდა, პოლიტსაბჭოში მინისტრები გყავთო. ეს ეგონა, რომ ცუდი რაღაც იყო. ეს რომ გაუკვირდა, მოადგილე – პოლიტსაბჭოს წევრი უნდა ყოფილიყო ცესკოს თავმჯდომარე. ეს კარგიაო, ამბობს “, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების პასუხად.
მამუკა მდინარაძემ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებს უპასუხა.
„ადამიანი რომ ღალატს იკადრებს და მოღალატის გვერდით დადგება, მერე იკადრებს ყველაფერს. პარადოქსი არის გახარიას პარტია. 41 ნომრით რომ შემოვიდა და „ნაცზე“ უარესს რომ კადრულობს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, პარადოქსია ისიც, რომ პრეზიდენტი, რომლის არჩევნების დროსაც „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ლიდერების ფოტოები გამოაკრა ქუჩებში, ყველაზე რადიკალი „ნაცების“ რიგებში ჩადგა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ითვლიან ქვეყნიდან მხოლოდ გამსვლელების და არა შემოსულების რაოდენობას.
„არავინ არ შემოსულა თურმე უკან – თინა ბოკუჩავა, ახლა პარლამენტში კი არ არის, გეჩვენებათ, უცხოეთიდან აკეთებს განცხადებას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოსახლეობას მათ მიერ გამოგონებულ სიგიჟეში აცხოვრებენ“, – განაცხადა მდინარაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.
„დეზინფორმაციის ხარისხი ნახეთ? 800 000-მა ადამიანმა დატოვაო ქვეყანა – დეზინფორმაციის რა ხარისხთან გვაქვს საქმე, წარმოიდგინეთ. თინა ბოკუჩავა პარლამენტში კი არ არის, გეჩვენებათ, გასულია. იმ 800 000-ში თვითონაც ითვლება. ანუ შემოსვლას აღარ ითვლიან, თუ მისი განცხადება მართალია, ის აქ არ არის. უცხოეთიდან აკეთებს ამ განცხადებას. ამ დეზინფორმაციის ხარისხთან გვაქვს საქმე და ამ სიგიჟეს აჯერებენ ხალხს. თავის მიერ გამოგონებულ სიგიჟეში აცხოვრებენ ადამიანებს, ასე ჰგონიათ, მაგრამ მათ უკვე აღარავინ უჯერებს, ამ სიგიჟეში არავინ არ მიჰყვება, იმიტომ რომ, 800 000 ადამიანი რომ გავიდა, 800 000 შემოვიდა და შეიძლება მეტი ან ნაკლები, რამდენიმე ათეული, ასეული ან ათასეული ადამიანი. ესენი უბრალოდ ითვლიან გამსვლელების რაოდენობას და არავინ არ შემოსულა უკან თურმე. თქვენ აქ არ ხართ, თვითონ აქ არ არიან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.