17.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
banner

მამუკა მამულაშვილი: ფარცხალაძე ეცდება, ავანტიურაში ჩაითრიოს ქართველები

ფარცხალაძის, როგორც სამხედრო პირის ღირებულება ნულია, არ მგონია იცოდეს, იარაღი რომელი მხრიდან ისვრის – ის ეცდება, ავანტიურაში ჩაითრიოს ქართველები, მაგრამ ასეთი ქართველი ცოტა შემხვედრია და ისინიც დაღუპულები არიან, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთახ რომანოვ-ფარცხალაძის მიერ ქართული სამოხალისო-სამხედრო დანაყოფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მამუკა მამულაშვილის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე შეეცდება რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები თავის ავანტიურაში – უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს, თუმცა მისი წარმატება საეჭვოა, რადგან ფრონტის ხაზზე მას რუსეთის მხარეს მებრძოლი ძალიან ცოტა ქართველი, ისიც დაღუპულები ხვდება.

„ეს არის რუსული სპეცსამსახურების დირექტივა, რომელსაც ფარცხალაძე ასრულებს იმიტომ, რომ ფარცხალაძე რომ ავიღოთ, როგორც სამხედრო პირი, ამ სფეროში მისი ღირებულება არის ნული. მე არ მგონია, რომ ამ ადამიანმა იცის, იარაღი რომელი მხრიდან ისვრის. ჯერ ეგ უნდა ისწავლოს, სანამ ბატალიონს ჩამოაყალიბებს, მაგრამ აქ საუბარი ამაზე არ არის. აქ საუბარია დატვირთვაზე და იმაზე, თუ საით მიჰყავთ ეს ყველაფერი. დიდი ალბათობით, მას მისცეს ბრძანება, რომ დააფინანსოს და შექმნას კიდევ ერთი ბატალიონი, ის კი ეცდება, ამ ავანტიურაში ჩაითრიოს ქართული გვარების მქონე პირები, ვინც რუსეთში ცხოვრობენ. ეს რამდენად გამოუვა, არ ვიცი, რადგან ამ 12 წლის მანძილზე ძალიან ცოტა ქართველი შემხვედრია და ისინიც დაღუპულები შემხვედრია ფრონტის ხაზზე.

დიდი ალბათობით, ის რუსებით იქნება დაკომპლექტებული, ერქმევა „გეორგიევსკი“ ან რაღაც სხვა, ეყოლებათ რამდენიმე ქართულად მოსაუბრე, ვინც ილაპარაკებს, რომ ეს დანაყოფი ძირითადად დაკომპლექტებულია ქართველებით და, სავარაუდოდ, ამ ტიპის სადეზინფორმაციო ნაწილთან გვექნება შეხება“, – აღნიშნა მამუკა მამულაშვილმა

banner
წინა სტატიაშირუსეთმა დნიპროში, მზესუმზირის ზეთის მწარმოებელ სამოქალაქო საწარმოს დაარტყა
შემდეგი სტატიათიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება