მამუკა კუდავა: #‎Brexit‬ და რა ელის საქართველოს

kudavaდიპლომატი მამუკა კუდავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის შედეგებს ეხმაურება და სამომავლო პროგნოზებს წერს. საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი “ბრექსითის” შემდეგ ვარაუდობს, რომ ევროპაში 5 ძირითადი მიმართულებით განვითარდება მოვლენები: “1. უახლოეს რამდენიმე წელში ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები ცუდად აისახება საქართველოს და სხვა მსურველი ქვეყნების ინტეგრაციაზე ევროკავშირში. თუმცა, ამ წლებშივე უვიზო მიმოსვლის მიღების შემდეგ ისედაც დიდი და სწრაფი პროგრესი არ “გვემუქრებოდა” გაფართოებებით დაღლილ ევროკავშირში. როგორც მინიმუმ, მომავალი 5 წელი ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესრულებაზე უნდა ვიმუშაოთ.

2. პრორუს და/ან ანტიდასავლურ ძალებს და კრემლს საქართველოში არგუმენტი ემატებათ – იქ რა გვინდა, თვითონ გამორბიან ევროკავშირიდან. მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს პროდასავლური ძალების პოზიციების აუცილებელ შესუსტებას, პირიქით – მათ მეტი აქტივობა მართებთ.

3. გერმანოცენტრიზმი გაიზრდება ევროკავშირში, გერმანოფობიის ზრდის პარალელურად. ეს კი მოსკოვისთვის ხელსაყრელი იქნება, ევროპული ქვეყნების დაპირისპირების მხარდასაჭერად.

4. არის მეტი შანსი, რომ შეიქმნას საერთო ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკა (ჯარი), რასაც ლონდონი ბლოკავდა. თუ ის ნატო-სთან კოორდინაციით ჩამოყალიბდება, ჩვენთვის ხელსაყრელია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე მოქმედებს საქართველოში.

5. ბრიტანეთის გასვლა წაახალისებს ექსტრემისტულ და ულტრანაციონალისტურ ძალებს ევროკავშირის ქვეყნებში და ასევე აშშ-ში, რაც საქართველოს თემების აწევას მსოფლიო დღის წესრიგში გააძნელებს” – წერს მამუკა კუდავა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა ბრიტანეთს მოუწოდა კავშირიდან გასვლის პროცედურები დააჩქაროს
შემდეგი სტატიაშოტლანდია რეფერენდუმისთვის მომზადებას იწყებს