მამუკა ხაზარაზე: ძლიერი საქართველოს პოლიტსაბჭომ დღეს ოფიციალურად კენჭი უყარა და დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნისა და მანდატების ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, გაერთიანების პოლტსაბჭომ 14 ნოემბერს დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნასა და შესაბამისად, მანდატების დატოვების შესახებ.

ამის შესახებ ხაზარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ძლიერი საქართველოს პოლიტსაბჭომ დღეს ოფიციალურად კენჭი უყარა და დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნისა და მანდატების ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით. პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი პოლიტსაბჭოს სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა.

გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ არცერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელმაც მიიღო წარმომადგენლობითი მანდატი, ლეგიტიმაცია არ მიანიჭოს ქართული ოცნების პარლამენტს და უარი თქვას მისთვის მინიჭებული მანდატების გამოყენებაზე. ამის თაობაზე განაცხადი ყველა ოპოზიციურ სუბიექტს გაკეთებული აქვს.

“საარჩევნო კოდექსის” 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, “პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:

პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.”

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიმართვა დასაშვებია პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების შემდეგ, რომელზეც ხდება ახლადარჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა.” – წერს იგი.

მისივე თქმით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ძლიერი საქართველო სთავაზობს ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, ერთდროულად მიმართონ მანდატების დატოვების შესახებ პასუხისმგებელ უწყებას.

“შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძალას, ვისაც მიღებული აქვს მანდატები კანონით განსაზღვრული წესით, ერთობლივად, ერთ დღეს, ერთ დროს განვახორციელოთ ეს პროცედურული ქმედება და ერთად მივმართოთ სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს, ამით წერტილს დავუსვამთ ინტერპრეტაციებს და არ მივცემთ არავის ამ თემაზე სპეკულაციების საშუალებას.

მეტი საჯაროობისთვის, მზად ვართ, ეს პოლიტიკური აქტი განვახორციელოთ პრეზიდენტთან შეთანხმებით და მისი ჩართულობით.” – წერს ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – როცა ამბობ, ლეგიტიმაციას არ შევძენ პარლამენტს, მაგრამ ინდივიდუალურ განცხადებას არ წერ, ესეიგი, რაღაც სხვა სცენარისთვისაც ემზადები
შემდეგი სტატიაგაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით ბათუმელი სტუდენტების პროტესტს ილიაუნის სტუდენტებიც უერთდებიან