მამუკა ხაზარაძის თქმით, საზოგადოებრივ მოძრაობას უახლოეს დღეებში დააფუძნებს

TBC ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობას უახლოეს დღეებში წარმოადგენს.

“ამ კვირას, 2 დღეში გამოვაცხადებთ ჩვენი დაფუძნების თარიღს, საათს და ადგილმდებარეობას. უპირველეს ყოვლისა, დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დავაანონსეთ, ასევე, შეგატყობინებთ, როდის დაფუძნდება პოლიტიკური პარტია, ესეც ალბათ იქნება უახლოეს ხანებში”, – თქვა ხაზარაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებისა და პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ხაზარაძემ თავდაპირველად 9 ივლისს განაცხადა.

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში ის წერდა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს და სახეზეა საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი. მისივე თქმით, 20 ივნისის ღამე წყალგამყოფი იყო, როდესაც ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. ხაზარაძის თქმით, ეს პროტესტი უწყვეტი, ისტორიული პროცესისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა.

ხაზარაძის ამ გადაწყვეტილებას წინ TBC ბანკის გახმაურებული საქმე უძღოდა.

14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ “ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა”. TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი – საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ერთადერთი წამალია, თუ მსოფლიო ლიდერების შეხვედრებზე საქართველოს საკითხი მწვავედ დადგება
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე „გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ წერილზე“ – წერილის ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დასრულდა