ეგიდიუმი ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელში დაცული იქნება, – ამის შესახებ ბრიუსელის ისტორიულ-კულტურული ცენტრის, სენ-ჟილის მერმა, ჟან სპინეტმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ხაზარაძეების ფონდის“ ინიციატივას, რომელიც ისტორიულ „ეგიდიუმში“ ქართული საზოგადოებრივ-კულტურული ცენტრის დაფუძნებას ითვალისწინებს.
სპინეტის განცხადებას „ძლიერი საქართველო-ლელო“ ავრცელებს.
განაცხადებაში ვკითხულობთ, რომ სენ-ჟილი ბრიუსელის შუაგულში მდებარე ისტორიული რაიონია, რომელიც სხვადასხვა კულტურების თანაარსებობის ერთ-ერთ მთავარ კერად მიიჩნევა.
სენ-ჟილის მერის განცხადებით, პროექტი სენ-ჟილისთვის ისეთივე მნიშვნელობის მატარებელია, როგორც ქართული მხარისთვის, რადგან იგი „ეგიდიუმის“ ისტორიული ფუნქციის აღდგენას ემსახურება, „სივრცის, რომელიც წარსულში ევროპულ კულტურებს ერთმანეთთან აკავშირებდა“.
„ჩვენ წარმოვადგენთ ქალაქის კულტურულ და არქიტექტურულ ცენტრს და იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროპის საფუძველში დგას“, – აღნიშნავს სპინეტი.
მისივე თქმით, „ეგიდიუმი“ რაიონის გულში მდებარე ისტორიული შენობაა, სადაც წლების განმავლობაში იმართებოდა მნიშვნელოვანი შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები.
„ეს არის არა მხოლოდ მემკვიდრეობა, არამედ ცოცხალი სივრცე, რომელიც სხვადასხვა კულტურებს აერთიანებს. სწორედ ამიტომ ის ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელში დაცული იქნება”, – განაცხადა სენ-ჟილის მერმა.
სპინეტის განცხადებით, სენ-ჟილის ყოფილი მერი პოლ ანრი სპააკი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროპული ინსტიტუტების შექმნას და მისი მერობის პერიოდში დაიწყო იმ სტრუქტურების ჩამოყალიბება, რომლებიც მოგვიანებით ევროკავშირის საფუძვლად იქცა.
„ამიტომ ეს ადგილი ჩვენთვის არის სიმბოლო ღიაობის, თანამშრომლობის და იმ ინტერესების, რომელიც ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს კულტურით, პოლიტიკითა და ეკონომიკით. „ეგიდიუმი“ შეიძლება იქცეს ხიდად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, სივრცედ, რომელიც სხვადასხვა კულტურებს კვლავაც დააკავშირებს. „სენ-ჟილი ინტერკულტურული ცენტრია ევროპის დედაქალაქის გულში. ჩვენ ღიად და მეგობრულად ვეგებებით ყველას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებიც მკაფიოდ ირჩევენ ევროპულ გზას,“ – განაცხადა ჟან სპინეტიმ.
ბრიუსელის მუნიციპალიტეტ სენ-ჟილში მდებარე საკულტო შენობა „ეგიდიუმი“ რომელიც წლებია დაკეტილია, ქართველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, მამუკა ხაზარაძის ოჯახმა შეიძინა.
ახალი მფლობელები აცხადებენ, რომ ნაგებობას კულტურულ და ისტორიულ ფუნქციას დაუბრუნებენ.

















