მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმის შეფასება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2020 11:04

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმის შეფასება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” „თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.

„საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო აქტების, ბრალდების შესახებ დადგენილების, საქმეში არსებული ფაქტებისა და ფულის გათეთრების საქმეებზე საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკის შეფასების შედეგად დამოუკიდებელი ექსპერტის, პოლინ დევიდის მიერ გაკეთებული ძირითადი მიგნებები შემდეგია:

არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადგენს:

o სესხის გზით მიღებული თანხის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) განზრახვას;

o თანხის „უკანონო წარმომავლობის“ დამალვის განზრახვას;

o მიღებული თანხების ლეგალურ ეკონომიკაში ინტეგრირების განზრახვას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საქმეში არსებულ ყველა ფაქტს ბრალდების მხარის სასარგებლოდ ცნობს, ეს გარემოებები მაინც ვერ დაადასტურებს ფულის გათეთრების ბრალდებას.

ფულის გათეთრება და ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული (პრედიკატული) დანაშაული განსხვავებული დანაშაულებია. მხოლოდ პრედიკატული დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები ფულის გათეთრების ბრალდებას ვერ დაადასტურებს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდების მხარე ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაამტკიცებს, ნებისმიერი მომდევნო ქმედება, მხოლოდ უკანონოდ მიღებული შემოსავლის გამოყენების და არა მისი გათეთრების ფაქტს გაამყარებს.

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სასამართლოები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის პირებს არ ასამართლებენ მაშინ, როდესაც სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებაში ფულის გათეთრების მიზანი ვერ მტკიცდება.

ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებული ქმედება რომც დამტკიცდეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ამ ფაქტზე ცალკე სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს.

საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკით, არასათანადო ან ხელოვნურად შექმნილი ბრალდების საფუძველზე (ამ შემთხვევაში ფულის გათეთრების ბრალდება), ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლა, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა.

არაერთ იურისდიქციაში, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენების დადგენის შემთხვევაში, სასამართლო პროცესის შეწყვეტის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2020 11:04

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics