მამუკა ხაზარაძეს და ნიკა გვარამიას დაიჭერენ?

მიშა კაჭკაჭიშვილი: „ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას გაურიგდა _ ოქრუაშვილი ციხეში უნდა დარჩეს“

ოპოზიცია ხშირად გვეუბნება, რომ ძალა ერთობაშია, თუმცა, პირველ რიგში, თავად მიდის ერთიანობის წინააღმდეგ. ეს „ერთიანობა და სოლიდარობა“ ოპოზიციამ „გავრილოვის ღამის“ საქმეზე დაკავებულთა მიმართაც გამოამჟღავნა. თავისუფლებაზე მყოფი ოპოზიციური ლიდერები საერთოდ არ ლაპარაკობენ იმაზე, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს. განსაკუთრებული ტაბუ აქვს დადებული ირაკლი ოქრუაშვილს და შთაბეჭდილება რჩება, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი მიესალმება კიდევაც მის პატიმრობას.

რატომ არ არის ოპოზიცია პოლიტპატიმრების მიმართ სოლიდარული? რა გარიგებაში შევიდნენ ისინი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ხელისუფლებასთან? რას ითხოვს დასავლეთი „ოცნებისგან“? რა შემთხვევაში მიიღებს მთავრობა ნამდვილ შტურმს? რატომ არის სარისკო რუსთაველზე ხალხის დარბევა? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა კაჭკაჭიშვილი ესაუბრება:

_ ბატონო მიშა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციისთვის სულერთია იმ ადამიანების ბედი, რომლებიც დღეს „გავრილოვის ღამის“ გამო ციხეში სხედან. ოპოზიციას ისინი არც პოლიტპატიმრებად გამოუცხადებია და არც მათ განთავისუფლებას ითხოვს. პოლიტპატიმრად, რატომღაც, არც ირაკლი ოქრუაშვილს მიიჩნევენ. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
_ მთლად ისე ვერ ვიტყვი, რომ არ უთქვამთ, ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარიაო, ხანდახან ამბობენ. სამწუხაროდ, ამაზე მხოლოდ მაშინ ლაპარაკობენ, როცა ეს თავად სჭირდებათ _ ზოგჯერ ამის თქმა, მათთვის პოლიტიკური დივიდენდების მომტანია. სხვა მხრივ კი რა გითხრათ, ისინი 19 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზეც კი არ მოსულან.
აქედან გამომდინარე, პირდაპირ გეტყვით, რომ არც არაფერში გვჭირდება მათი ყალბი მხარდაჭერა. მოვა დრო და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ამას ხალხი გააკეთებს.
_ თქვენი აზრით, რატომ იქცევა ოპოზიცია ასე? გარდა იმისა, რომ ამით სახელს იფუჭებენ, მხარდამჭერებსაც უკლავენ იმედს, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის გამო ვინმეს თუ დააკავებენ, მის მიმართ სოლიდარული არავინ იქნება.
_ ამ საკითხს ასე არ ვუყურებ, აქ სხვა რამ ხდება. არ მინდა, საზოგადოებაში ნიჰილიზმი დავთესო, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ. ამ შემთხვევაში მგონია, რომ ოპოზიციის არასოლიდარობის მიზეზი თავად ირაკლი ოქრუაშვილია. ოპოზიცია მასში კონკურენტს ხედავს.
არავისთვის ახალი ამბავი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების რეიტინგი კლებულობს. საზოგადოებრივი მოძრაობები უფრო აქტიურები არიან და, შესაბამისად, ხალხი მათ უფრო უჭერს მხარს. მათი რეიტინგი ყოველდღიურად იზრდება. ეს აქციებიდანაც ჩანს და სოციალური ქსელებიდანაც.
გამომდინარე აქედან, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ირაკლი ოქრუაშვილის გაძლიერება არ აწყობს.
მაქვს ინფორმაცია, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი „ოცნებას“ იმაზე ელაპარაკება, რომ ოქრუაშვილი ციხეში დარჩეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მათ შორის ერთგვარი გარიგებაა.
ამ გარიგების თაობაზე სერიოზული ინფორმაცია მაქვს. კონკრეტულ სახელებსა და გვარებს მაშინ დავასახელებ, როცა ამაზე უტყუარი ცნობები მექნება.
არ არის გამორიცხული, არჩევნების დროს ოპოზიციის ნაწილი გარიგებაში შევიდეს ხელისუფლებასთან. ასეთ შემთხვევაში მათ რაში აწყობთ გაძლიერებული ოქრუაშვილი და მისი პარტია? ისინი ხომ მათ ამომრჩეველს წაართმევენ.
ეს ძალიან მარტივად ამოსაცნობი ამბავი გახლავთ. ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ შეთქმულების თეორიებზე. ვსაუბრობ მხოლოდ ფაქტებით და იმ ინფორმაციებით, რასაც ამჟამად ვფლობ.
_ ამ პარტიების დასახელებას არ გთხოვთ, მაგრამ მეც ვხვდები და მკითხველიც მიხვდება, თუ ვისზეა საუბარი.
_ ახლაც შემიძლია კონკრეტული გვარების დასახელება, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ გავაკეთებ, როცა უტყუარი ინფორმაციები მექნება. ისე, ხელის დადება არავისთვის მინდა.
როცა უტყუარი ინფორმაციები მექნება, ამაზე საჯარო განცხადებას მარტო მე არ გავაკეთებ. გარიგებაზე ძალიან ბევრი ილაპარაკებს.
ირაკლის გარდა „გავრილოვის ღამის“ საქმეზე სხვა ბიჭებიც დააკავეს. ისინიც პოლიტპატიმრები არიან. მათთან დაკავშირებით ხელისუფლება ჭიდაობის რეჟიმზეა. ფიქრობენ, რომ უნდა გამოუშვან, მაგრამ არ უშვებენ.
ამ გამოშვებებზეც უცნაური რამ ხდება. ის ბიჭები გამოუშვეს, ვინც ბრალი აღიარა. ამის შემდეგ მათ გირაო შეუფარდეს და ისინი გარეთ არიან.
გასულ კვირას ირაკლი ოქრუაშვილის განთავისუფლების სანაცვლოდ ჩვენც შევთავაზეთ სასამართლოს 500.000-იანი გირაო, მაგრამ მაინც არ გამოუშვეს. თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს ასე მოხდებოდა. ნახევარი მილიონი კი არა, 50 მილიონიც რომ შეგვეთავაზებინა, ირაკლის მაინც პატიმრობაში დატოვებდნენ.
_ როდემდე უნდა ჰყავდეთ ეს ადამიანი პატიმრობაში? რაღაცას ხომ აქვს საზღვარი?
_ რაც უფრო დიდხანს ეყოლებათ ირაკლი ციხეში, მით მეტად გაგრძელდება ხელისუფლებაზე წნეხი. „ოცნებას“ ტყუილად აქვს იმის იმედი, რომ ამაზე დიპლომატიურ კორპუსს რეაგირება არ ექნება. რეაგირება აუცილებლად იქნება.
ამ საკითხზე ზაფხულში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შევხვდი და ვესაუბრე. სხვა დიპლომატებიც საქმის კურსში არიან.
უცხოელები ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ „გავრილოვის ღამის“ საქმეზე დაკავებულები უნდა გამოუშვან, მაგრამ ხელისუფლება სუფთა რუსულ ხაზს ადგას.
მინდა, იცოდეთ, რომ „გავრილოვის ღამის“ ერთ-ერთი შემოქმედი, გიორგი გახარია, განწირულია. ის ისევე დაასრულებს, როგორც ვანო მერაბიშვილმა დაასრულა. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ის აღმოჩნდება იქ, სადაც დღეს არის მერაბიშვილი. თუ გაასწრებს ქვეყნიდან, გაასწრებს, თუ არადა, მისი ადგილი ციხეში იქნება.
ივანიშვილმა თავისთვის ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა _ 20 ივნისს რაც მოხდა, მას შემდეგ მომხდარ და მომავალში რაც მოხდება იმ მოვლენებზე, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი იქნება გახარია და მისი მთავრობა.
_ თავად ბიძინა ივანიშვილი მშრალზე დარჩება?
_ ეგ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ რეპრესიები გაძლიერდება. შეიძლება, მამუკა ხაზარაძე და ნიკა გვარამია დაიჭირონ. ამათ ხომ „ნაციონალებისგან“ მარტო ცუდი გადმოიღეს.
მერაბიშვილსა და გახარიას შორის მაშინ დაისვა ტოლობის ნიშანი, როცა ამ უკანასკნელმა თქვა, 20 ივნისი არ ყოფილა „გავრილოვის ღამე“, ეს იყო „გავრილოვის დღე“ და პარლამენტზე შტურმის ღამეო. 2011 წლის 26 მაისზეც ანალოგიურს ამბობდა მერაბიშვილი. გვეუბნებოდა, რომ მაშინ აქციის მონაწილეთა დასახმარებლად ГРУ უნდა შემოსულიყო.
ერთიც სისულელეს ამბობდა და მეორეც სისულელეს ამბობს. 26 მაისს მეც ვიყავი რუსთაველზე. აქციაზე 12-ს 10 წუთი რომ აკლდა, მაშინ მივედი. რა ГРУ და რა სპეცსამსახურები?! ძალიან ბევრი ქალი და ბავშვი იდგა იმ ღამეს პარლამენტის შენობის წინ. მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩვეულებრივ ჩაგვხოცა.
„გავრილოვის ღამისა“ და 26 მაისის შედარება ცოტა გამიჭირდება, რადგან 2011 წელს ალყაში მოგვაქციეს და გასაქცევი გზა არ დაგვიტოვეს. ეს იყო ჩვეულებრივი სადამსჯელო ოპერაცია. სამაგიეროდ, თავისუფლად შევადარებ „გავრილოვის ღამეს“ 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევას.
7 ნოემბრის დარბევის შემდეგ მიშა სააკაშვილი გადადგა. მერე, მართალია, მან არჩევნები გააყალბა და ამ გზით დაბრუნდა ხელისუფლებაში, მაგრამ ფაქტია, რომ დარბევის გამო გადადგა.
ისიც გავიხსენოთ, რომ დარბევის მიმდინარეობისას ნინო ბურჯანაძემ, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, პარლამენტის ჭიშკარი გააღებინა, რომ გავეშებული ბრბოსგან ადამიანები დაეცვა. ათასობით ადამიანმა შეაფარა თავი პარლამენტის ეზოს.
მაშინ არავის უთქვამს, რომ ეს იყო პარლამენტზე შტურმის დღე. შტურმი პრლამენტზე არც 20 ივნისის ღამეს ყოფილა. ეს ზღაპრები ვოლსკიმ, გახარიამ და თალაკვაძემ ერთმანეთს მოუყვნენ.
ტყუილად ჰგონია „ოცნებას“, რომ ციხით შეაშინებს ვინმეს. სააკაშვილის დროს ბევრი ჩვენი თანამებრძოლი თვეობით და წლობით იჯდა ციხეში, მაგრამ დრო შეიცვალა და ზოგი პარლამენტში ვიხილეთ, ზოგიც _ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ახლაც ანალოგიურად იქნება.
_ ციხეს ორი კარი აქვს, ერთი კარიდან შეხვალ, მეორიდან გამოხვალ.
_ რა თქმა უნდა. ვის ეშინია დაჭერის და ციხის? ახალაიას დროს არ გვეშინოდა დაჭერის და ახლა სულ არ შეგვეშინდება. არც დარბევის გვეშინია, არც საკუთარი აზრის დაფიქსირებას მოვერიდებით. პირადად მე ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ.
რაც არ უნდა იძახონ გახარიამ და სხვებმა, რომ 20 ივნისი პარლამენტზე შტურმის ღამე იყო, არაფერი ეშველებათ. მოხდება ის, რაც 2012 წელს მოხდა. 2020 წელს ისევე დააჭედებს ხალხი ივანიშვილსა და მის „ოცნებას“ ლურსმანს, როგორც 2012 წელს დააჭედეს სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“.
არჩევნების გაყალბება კი გულშიც არ უნდა გაივლონ. ამას გაბედავენ და მერე მართლა ნახავენ, რას ნიშნავს შტურმი.
ხალხი ისეა გამწარებული ხელისუფლებაზე, რომ წალეკავს. შეიძლება, გაქცევაც კი ვერავინ მოასწროს.
„ოცნებაშიც“ არიან ჭკვიანები და ისინი ამბობენ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები უნდა გამოუშვან, მაგრამ მათ არ უსმენენ. ამით თავად დაზარალდებიან, თორემ ირაკლი საპატიმროში თავს ძალიან კარგად გრძნობს. ნათქვამია, რაც არ გკლავს, გაძლიერებს. ჩვენი საქმეც ეგრეა.
_ თქვენ კი გაძლიერებთ ეს ვითარება, მაგრამ საზოგადოება ნიჰილიზმშია. ხალხი ხედავს, რომ ოპოზიცია თანამებრძოლებისთვისაც კი არაფერს აკეთებს და ფიქრობს, ჩვენს დასაცავად საერთოდ არაფერს გააკეთებენო.
_ რა უნდა გააკეთონ? უკვე გითხარით, რომ მაგათ აწყობთ ირაკლის ციხეში ყოფნა. რაღაც სქემა აქვთ შემუშავებული და ამ სქემით მიდიან. ახლა ამ სქემაზე არ მინდა საუბარი, მაგრამ ამის დროც მოვა.
ყველაფრის მიუხედავად, მომავალს იმედიანად ვუყურებ. ძალიან აქტიურები არიან ახალგაზრდები, რაც მხოლოდ მისასალმებელია. აქ თუ გამოსვლები დაიწყო, ქუჩაში უამრავ ადამიანს ვიხილავთ. ხელისუფლებამ ზაფხულის აქციებით არ უნდა იმსჯელოს.
ზაფხული პოლიტიკურად მკვდარი სეზონია. თითქმის ყველა გასულია თბილისიდან. ასეთ დროს ქუჩაში ბევრი ადამიანი ვერ გამოვა. ისინი ფიზიკურად არ არიან ქალაქში.
იმდენი უკმაყოფილებაა ხალხში დაგროვილი, ისეთი სოციალური სიდუხჭირეა ირგვლივ, რომ ამას აუცილებლად მოყვება მწვავე პროტესტი.
საპროტესტო განწყობები სალომე ზურაბიშვილის ბოლო ქმედებებმაც გააძლიერა. სკანდალურ შეწყალებას ვგულისხმობ.
არ დავმალავ, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში რაღაც წვლილი მეც შევიტანე. მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე რომ არ გასულიყო, ისევე მოვიქცეოდი, როგორც პირველ ტურში _ არჩევნებზე არ წავედი და არავისთვის მიმიცია ხმა.
მეორე ტურში ვაშაძის გასვლამ კი მაიძულა, პროცესებში ჩავრთულიყავი. არ მინდოდა, საქართველოს პრეზიდენტი „ნაციონალების კანდიდატი“ გამხდარიყო. მეგონა და რეალურად იყო იმის საფრთხე, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ვანო მერაბიშვილს, ახალაიასა და სხვა ჯალათებს შეიწყალებდნენ. ახლა აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილიც მკვლელებს იწყალებს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შეიწყალებს მკვლელებს ან რა გვარის იქნებიან დამნაშავეები?!

_ არ გრძნობთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მკვლელები გარეთ არიან? თავად თქვით, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში მეც შევიტანე წვლილიო.
_ პასუხისმგებლობას როგორ არ ვგრძნობ, მაგრამ ამაზე მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. სალომე ზურაბიშვილი მათი კანდიდატი იყო და ყველაფერი გააკეთეს მისი გამარჯვებისთვის. სალომეს ამბავში „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ მოცურდა.
ხალხის დასამშვიდებლად ახლა რაღაც ახალი ზღაპრების მოყოლა დაიწყეს. გვეუბნებიან, პროკურატურამ შეწყალების საქმის შესწავლა დაიწყო და მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ამერიკიდან დაბრუნდება, მას დაკითხავენო. ეს არის ფიქცია და არავინ დაიჯეროს.
ამათი არ მჯერა, რადგან ყველა მათგანს ძალიან კარგად ვიცნობ. კარგად ვიცი ამათი მენტალობაც. ისინი იქცევიან ისე, როგორც მშიშარა ადამიანები.
დღეს „ქართული ოცნება“ აბსოლუტურ თავდაცვის რეჟიმზეა გადასული. არავინ დაიჯეროს, დაჭერები და რეპრესიები იმიტომ დაიწყეს, რომ გაბედულები არიან.
მათ მშიშარა ადამიანისთვის დამახასიათებელი კომპლექსები აწუხებთ. დაჭერებით და რეპრესიებით ცდილობენ დაგვანახონ, რომ მაგარი ბიჭები არიან და საქართველოს ხელისუფლებას რკინის ხელი აქვს.
სინამდვილეში, როცა ხელისუფლება დაჭერებსა და რეპრესიებზე გადადის, ის მაგარი ვეღარ იქნება. ასეთი ხელისუფლება არაფერზე აღარ დგას.
სიმართლეზე მაგარი ამქვეყნად არც არაფერი ყოფილა და არც იქნება. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, თუ სად არის სიმართლე. გამოვიდნენ, თქვან, შეგვეშალა და ბოდიში მოიხადონ.
ამათ სულ სხვა გზა აირჩიეს. რეპრესიები დაიწყეს იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადათ და სუფთა ფურცლიდან შეეთავაზებინათ ყველასთვის ცხოვრების დაწყება. ეთქვათ, ძალიან დიდი გაჭირვებაა ქვეყანაში და გაჭირვებულებს ერთად მივხედოთო.
ყველაფერს აკეთებენ, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპირონ.
„ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ დაიწყებს ერთმანეთში პინგ-პონგის თამაშს. და თუ ჰგონიათ, რომ ამ თამაშში სხვა ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი მოძრაობები აჰყვებიან, ძალიან ცდებიან.
ეს არის აბსურდული გათვლა. არც ერთს გამოუვა რამე და არც _ მეორეს. არც ერთს აქვს სერიოზული მხარდაჭერა და ხალხს ნუ ატყუებენ, ასეულობით ათასი ამომრჩეველი გვყავსო.
კვლევების დიდად არ მჯერა, მაგრამ ბოლო კვლევები რაც დაიდო, ეგ არის ამ ორი ძალის მაქსიმუმი.
2019 წლის 20 ივნისს „ქართული ოცნება“ დამთავრდა, მაგრამ მათთვის ყველაფერი ჯერ წინ არის. სერიოზულ სისულელეებს ჩაიდენენ.
_ რა სისულელეებს?
_ რეპრესიებს გააგრძელებენ, დღეს ერთს დაიჭერენ, ხვალ _ მეორეს, ზეგ _ მესამეს. ხალხს ისე გაამწარებენ, რომ ქუჩაში გამოიყვანენ და მერე ნახავენ, რაც მოხდება. აგერ თქვენ, აგერ მე და აგერ ეს ინტერვიუ. ნახავთ, ასე თუ არ მოხდება. არჩევნების გაყალბებას აღარავინ მოითმენს და რაღაც-რაღაცებზე ტყუილად ნუ ფიქრობენ.
_ ამბობთ, რეპრესიები გაძლიერდებაო, მაგრამ აშკარად იმედიანად ხართ განწყობილი.
_ რა თქმა უნდა, იმედიანად ვარ განწყობილი. წაგებული თამაში არასდროს მითამაშია. ვიღაცას უნდა, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალოს, მაგრამ ცხოვრებაში ასე არ ხდება. ერთ დღეში არაფერი კეთდება, საჭიროა შრომა და ლოდინი.
იმედიანად იმიტომაც ვარ განწყობილი, რომ რაღაც გეგმა მაქვს, რომელსაც მივყვები. ეს გეგმა ჯერ წარმატებულად ხორციელდება. რა იქნება მომავალში, არ ვიცი, დაველოდოთ და ვნახოთ. „გამარჯვებული საქართველო“ ყველანაირი ვარიანტებისთვის მზად არის.
_ ყველაფრისთვის მზად ვართო და ამ ყველაფერში რას გულისხმობთ?
_ ყველაფერში ყველაფერს ვგულისხმობ. ვადამდელ არჩევნებს დანიშნავენ, ამისთვისაც მზად ვიქნებით. დათქმულ ვადაში, 2020 წელს ჩატარდება არჩევნები? ამისთვის უფრო მშვიდად მოვემზადებით.
ერთადერთი ის არის ცუდი, რომ ირაკლია დაპატიმრებული, მაგრამ ამასაც მოევლება. ირაკლიმ იცოდა, რომ დაიჭერდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც დაბრუნდა პარიზიდან. არადა, შეეძლო იქ დარჩენილიყო.
_ მისი დაკავების შემდეგ თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ დაკავების წინა დღეს „ოცნებიდან“ მესიჯი მიიღეთ, _ ამა და ამ დღეს ოქრუაშვილს დააპატიმრებდნენ.
_ ასე იყო. ეს ამბავი ირაკლისაც ვუთახრი. მისი დაჭერა რომ გადაწყვეტილი იყო, მან უფრო ადრეც იცოდა. მაშინ შეუთვალეს, როცა პარიზში იყო თავის საქმეებზე წასული.
ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც სასამართლომ გირაოზე უარი გვითხრა, ის იყო, რომ ირაკლის შეეძლო საფრანგეთში წასვლა და იქ დარჩენა. ადამიანმა იცოდა, რომ დაჭერას უპირებდნენ. ჩამოვიდა, დაკითხვაზეც მივიდა და გამოშვების შემთხვევაში რატომ დატოვებდა ქვეყანას? ბარემ, პირდაპირ თქვან, რომ ხელისუფლებას არ სურს, ის გარეთ იყოს.
ვიმეორებ, არც ციხის, არც რეპრესიების და არც დარბევების არავის ეშინია. „ქართულმა ოცნებამ“ კი კარგად გადახედოს უახლეს ისტორიას _ ყველა ხელისუფლება დასრულდა, ვინც რუსთაველზე გაისროლა.

 

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან არგადგომით საკუთარ პოლიტიკურ კარიერას დიდი ბზარი გაუჩინა
შემდეგი სტატიავისი ინიციატივით შედგა შეხვედრა ჩვენ ვთვლით, რომ საკითხი ამოწურულია და ამის თაობაზე დისკუსიების გაგრძელების საჭიროებას ვერ ვხედავთ