მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს: ავანტიურისტი და მატყუარა ხარ არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული

“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ღამის კურიერის” ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

“ძალიან ვერიდებოდი ამ ყველაფრის პირდაპირ თქმას, მაგრამ თქვენ, ბატონო ალეკო, პირდაპირ გეუბნებით, ხართ მატყუარა და ავანტიურისტი. თქვენ ლაპარაკობთ “ქართული ოცნების” დავალებით. თქვენ თუ გინდათ, შედით პარლამენტში, არავინ ხელს არ გიშლით, ამ ქაოსს თავი დაანებეთ, “ოცნების” მუსიკას ჩვენ ნუ გვასმენინებთ,”-მიმართა მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს.

თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს მატყუარა, უსინდისო და ხალხის მყვლეფავი უწოდა. ამასთან, “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებებში დაადანაშაულა.

მამუკა ხაზარაძემ ამ სიტყვების დამადასტურებელი ფაქტები მოითხოვა:

“სანამ ეთერში არ დაამტკიცებ, მაყურებლის თვალწინ, როდის ჰქონდა დამოუკიდებელი შეხვედრა “ქართულ ოცნებასთან”, მე დაგელოდები, აქედან არ გავალ. დაურეკე ირაკლი კობახიძეს და მოგცეს ფაქტები, როდის ჰქონდა დამოუკიდებელი შეხვედრა ბადრი ჯაფარიძეს ან “ლელოს” ნებისმიერ წევრს “ქართულ ოცნებასთან,”-მიმართა მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს.

“შენნაირ ადამიანს არ შევხვდები, გინდა დეპუტატი იყავი, გინდა პარლამენტში შედი. სანამ ქართულ პოლიტიკაში, ისევე, როგორც საქმიან ურთიერთობებში, ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება.

არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული, მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ სიტყვას და ღირსებას ჰქონდეს ფასი. ამხელა ტყუილების გუდა საიდან გაქვს, სად ისწავლე ამხელა ტყუილები ამხელა კაცმა. ჩვენ გვერდით არ გაიარო, მატყუარა ხალხთან საქმე არ მაქვს,”-მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს.

ვირუსის ბლოკატორები