მამუკა ხაზარაძე „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ელოდება

„თიბისი ბანკის“ და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკში“ კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა იყო. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ ინტერვიუში თქვა.

ხაზარაძის თქმით, მას „პროგრეს ბანკის“ შეძენა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა. ყოფილი ბანკირის თქმით, „პროგრეს ბანკში“ არსებულ საეჭვო გადარიცხვებზე პასუხისმგებლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, „ვინც ეს ბანკი ასე უცბად გააქრო“:

„სასწრაფოდ უნდა ამოიღონ ამ ბანკზე ინფორმაცია ეროვნული ბანკის არქივებიდან. ყველა ის ადამიანი ვინც მონაწილეობდა, თავის პრეზიდენტიანად [ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე], ეს საკითხი პროკურატურას უნდა გადაეცეს და ისეთივე ინტენსივობით, რა ინტესივობითაც წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენს ჯგუფს ოთხი სახელმწიფო უწყება ამოწმებდა, ასეთივე ინტენსივობით ამოიღონ ინფორმაცია და დაიწყონ გამოძიება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბარში დაადასტურა, რომ როდესაც 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ შესყიდვის პროცედურა დაიწყო, უცხოურმა აუდიტორმა აქტივები შეამოწმა, საიდანაც რამდენიმეს ყიდვაზე რეკომენდაცია გასცა, რამდენიმეზე კი ითქვა, რომ მათი შესყიდვა რეკომენდებული არ იყო. მამუკა ხაზარაძის თქმით, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები.

„მთავარ არხმა“ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რომლის თანახმად, „პროგრეს ბანკში“ აუდიტორული შემოწმება უცხოელმა ექსპერტებმა 2016 წელს ჩაატარეს. შემოწმების დროს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბანკის ათობით გადარიცხვა ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, „პროგრეს ბანკში“ 22% ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, 78% კი პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას, რომლის უკანაც რუსეთში ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი ილია გავრილოვი იდგა. „პროგრეს ბანკი“ 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა, 9-წლიანი არსებობის განმავლობაში ბანკმა 8 წელი წაგებით დაასრულა და ჯამში 5 მილიონ ოთხასი ათასი ლარი იზარალა. 2013 წელს კახა კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი 78% ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა, რომლის უკანაც ილია გავრილოვი იდგა. ამავე დროს ბანკის 22%-ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი გახდა. 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი მამუკა ხაზარაძემ „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად იყიდა.

მამუკა ხაზარაძე „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ელოდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „პროგრეს ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2016 წლის 18 ოქტომბერს გაუუქმა.

banner
წინა სტატიაშიცქიტიშვილი: კონსორციუმს წლის ბოლომდე ვუხანგრძლივებთ ვადას
შემდეგი სტატიახალხს რა ვუთხრათ მეთქი და ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო