მამუკა ხაზარაძე-პირველმა არხმა მათი კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია გაავრცელა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პირველმა არხმა მოძრაობის წევრების შესახებ გუშინ გაავრცელა, მოძრაობა „ლელოს“ კომპიუტერიდან იყო ამოღებული.

საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე – 1ტვ.გე გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია სათაურით – მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ 12 წევრს ხვალ წარადგენს, რამდენიმე მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია.

აღსანიშნავია, რომ მოძრაობა „ლელოს“ წევრების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ 12 სექტემბრიდან, ანაკლიაში გამართული პრეზენტაციის დღიდან ვრცელდებოდა.

მამუკა ხაზარაძემ დღეს მოძრაობა „ლელოს“ წევრების წარდგენისას განაცხადა:

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ოფისი სახელდახელოდ გაკეთებული ოფისია, დიზაინირებულია შუშის კედლებით. ჩვენი კაბინეტები, სათათბიროები არის შუშის, რაც ნიშნავს, რომ აქ არაფერი არის დამალული, არც იქნება.

გუშინ მოხდა ასეთი ფაქტი. ღამე აღმოვაჩინეთ, რომ ეს სია, რომელიც დღეს უნდა წარმედგინა საზოგადოებისთვის, აღმოჩნდა სრულად გადაკოპირებული საზოგადოებრივი არხის საიტზე. არის ორი ვარიანტი, ან ჩვენ მოგეცით ეს ინფორმაცია, რომელიც არ მოგვიცია, რადგან იყო დახურული ინფორმაცია ჩვენს კომპიუტერებში და გვინდოდა, ჩვენგან გაგეგოთ; ან ეს ინფორმაცია საზოგადოებრივმა არხმა, რომლის დაფინანსებაში თითოეული ჩვენგანი ვმონაწილეობთ, მოიპოვა სხვადასხვა არხით. ეს ინფორმაცია ამოღებული იყო ჩვენი კომპიუტერიდან, რომელიც ჩვენ გარეთ არ გაგვიცია.

ჩვენ არ ვლაპარაკობთ მედიის დამოუკიდებლობაზე, ვინ ვის მიაწოდა, მაგრამ ძალიან გასაკვირია იმ დაშვებებით, რომ ძალიან ბევრი მანქანა დაგვყვება, ძალიან ბევრი კამერა დაყენდა ყველა იმ ოფისში, სადაც ვიკრიბებით, მინდა გითხრათ – ჟურნალისტებს არ ეგონოთ, რამეს ვმალავთ, ჩვენ ვიქნებით აუცილებლად გამჭვირვალეები და ასეთი მეთოდები ჩვენთვის მიუღებელია. ვინმემ არ ჩათვალოს, რომ მედიას აქვს უფლება, რაღაც ინფორმაცია მოიპოვოს და ჩვენ, ვინც ვაფინანსებთ, განსაკუთრებით საზოგადოებრივ არხს, რომელსაც უზარმაზარი ბიუჯეტი აქვს ჩვენი წყალობით, მათთან კითხვები არ გვექნება. რა თქმა უნდა, ყველა არ იგულისხმება, ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა“

banner
წინა სტატიაშიტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება
შემდეგი სტატია,,ოთხმეზურის საქმეზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ იქიდან, რა ხდებოდა პირველ, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებში”