მამუკა ხაზარაძე : მზად ვარ დებატებში ბიძინა ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა, თუ სად მიიყვანა ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით

მეც დავუჭირე მხარი 2012 წელს „ქართულ ოცნებას“, იმედი მქონდა, რომ რაღაც წინ წავიდოდა, პრაქტიკულად, არა მხოლოდ ფეხის მუხრუჭი მიაჭირა ჩვენს ქვეყანას, არამედ ხელის მუხრიჭიც ამოწია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ის მზადაა, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატებშიც ისაუბროს.

„ჩვენ, ყველა პარამეტრით უკან მივდივართ და ეს მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო. თუ ვინმეს ამაზე შეკამათება შეუძლია, მზად ვარ ნებისმიერ დებატებში, იგივე ბიძინა ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა თუ სად მიიყვანა მან ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

მან ისაუბრა ქვეყნის საგარეო ვალსა და მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ ბიუჯეტში ქვეყნის ვალი 2.5%-ით არის გაზრდილი.

„თუ 2012 წელს ვალი იყო 9.1 მილიარდი, 2020 წელს იქნება 22. 5 მილიარდი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ისტორიული მაქსიმუმი, როცა მშპ-ის 45 პრცენტი არის ვალი. 2012 წლიდან მშპ-ი არ იცვლება და ერთ ნიშნულზე დგას, რაც ნიშნავს რომ ქვეყანა არ მიდის წინ და მიდის უკან. ვალი 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე იყო 2500 ლარი. 2019 წელს – 5500 ლარი, 2020 წელს კი იქნება – 6000 ლარი. „ოცნების“ ხელისუფლება თითოეულ ჩვენგანს გვიზრდის ვალს. პენსია არათუ მატულობს, არამედ კლებადია,“ – განაცხადა „ლელოს“ დამფუძნებელმა.

მან საქართველოს ეკონომიკა მეზობელი ქვეყნის ეკონომიკასაც შეადარა და აღნიშნა, რომ სომხეთის ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა 20 პროცენტით, ლარი კი 70 პროცენტით.

„სომხეთი არის ჩვენზე წინ. დაკარგული გვაქვს პოზიციები, ვერასდროს დავეწევით ვერავის და ვიქნებით მაჩანჩალა ამ მთავრობის ხელში,“ – აღნიშნა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაში„გირჩი“ უმუშევრად დარჩენილ ტაქსის მძღოლებს „შმაქსაობას“ სთავაზობს
შემდეგი სტატიადიმიტრი გაბუნია, ანგი ხუციშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან