მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 7, 2020 17:23

მამუკა ხაზარაძე მთავრობას და ბანკებს 0 %-იანი სესხების გაცემის ინიციატივას სთავაზობს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად

,,პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს მსოფლიოში, მედიკოსთა თავგანწირვის მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მატულობს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაჩერებულია და ამ ვითარებაში საქართველოს მთავრობას, სამწუხაროდ, დღემდე არ წარმოუდგენია გამართული ანტიკრიზისული გეგმა და პანდემიისაგან მოყენებული ეკონომიკური ზარალის მიახლოებითი შეფასება მაინც.
უპასუხოდაა დარჩენილი კითხვები : რამდენი ადამიანი რჩება უმუშევარი? რა ფინანსური ინექცია იქნება საჭირო ეკონომიკის ხელახლა ასამუშავებლად?
როგორ შევინარჩუნოთ ლარის კურსის სტაბილურობა? როგორ გადავარჩინოთ მცირე და საშუალო ზომის მეწარმეები გაკოტრებას? შესაბამისად, როგორ შევინარჩუნოთ მათ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები? რა ვუყოთ სოფლის მეურნეობას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემას? როგორ მოვახერხოთ ისე, რომ საგაზაფხულო ხვნა-თესვა არ ჩავარდეს?
ჩვენ მიერ წარმოდგენილი 6 მლრდ ლარის მოცულობის ფინანსური ანტიკრიზისული გეგმა ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად შევქმენით და ჩვენი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია 3 მლრდ ლარის საგარანტიო ინსტრუმენტის შექმნა. ამ გარანტიის საფუძველზე ბანკებმა უნდა დაიწყონ ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება იმ პირობით, რომ ისინი სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებენ თავიანთ თანამშრომლებს. ამ ფინანსური მექანიზმით გადავარჩენთ ბიზნესს და მასში დასაქმებულ ადამიანებს სამუშაოს დაკარგვისგან. ასეთი სესხების გაცემა უნდა მოხდეს დროში ოპერატიულად და მაქსიმალურად ნაკლები ბიუროკრატიულობით.
უნდა ვივარაუდოთ, რომ პანდემიის კლება მოხდება უახლოეს ორ თვეში, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მივცეთ გადარჩენის და ხელახლა ამოქმედებისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსი. თუ პანდემია გაგრძელდა, მაინც მოგვიწევს მკაცრი რეგულაციის პირობებში ბიზნესების გახსნა, ასე რომ, ორივე შემთხვევაში ჩვენი- ლელოს მოდელი ერთადერთი სწორი გამოსავალია.
მოვუწოდებთ მთავრობას და ბანკებს, დროულად შეიმუშაონ შესაბამისი პროცედურა ამ გეგმის განსახორციელებლად’’ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 7, 2020 17:23